შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მახლობლად, ავტომობილში, Jeep Wrangler-ში მყოფი სამი პირი გამოათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მათ ასევე გამოიყენეს წიწაკის სპრეი - კარი გამოაღეს, სპრეი ავტომობილში შეასხეს, ერთ-ერთი პირი გამოათრიეს და რამდენიმე მეტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემდეგ კი წაიყვანეს - იგი, სავარაუდოდ, დაკავებულია.
ძალის გამოყენებით დააკავეს კიდევ ორი ადამიანი.
პოლიციის ამ თანამშრომლებს ზურგჩანთები ჰკიდიათ, შავებში არიან გამოწყობილი და ნიღბები და ჩაფხუტები უკეთიათ.
ავტომობილის სანომრე ნიშნებია WR 007 NG. ეს ავტომობილი 2024 წლის 31 მარტისთვის იძებნება ავტომობილების გაქირავების ერთ-ერთი სერვისის ინსტრაგრამგვერდზე.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ავტომობილი „მარიოტთან“ რუსთაველის გამზირის პარალელური, ქვედა, თაბუკაშვილის ქუჩიდან მივიდა, - გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთ ადგილას იყო გაჩერებული, შემდეგ კი, გია ჭანტურიას ქუჩაზე, - „მარიოტის“ გვერდით, - უკან ტრიალდებოდა, რა დროსაც შსს-ის თანამშრომლებმა იქიდან ადამიანები გამოათრიეს.
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია იქ 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების გამო, სადაც ათასობით დემონსტრანტი აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების საკითხი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია ასოციაციის ცხელ ხაზზე. ადვოკატები დაკავებულთა ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ. წინა ღამით საპროტესტო აქციებზე შსს-მ 43 მომიტინგის დაკავება დაადასტურა.
შსს-ს განცხადებით, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
უფლებადამცველების შეფასებით, დაკავებისას პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და ხშირად გაუმართლებელ ძალას. საპოლიციო ძალები ხელს უშლიან მედიის მუშაობას და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების წინააღმდეგ. სახალხო დამცველის განცხადებით, "შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები".
ფორუმი