Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველზე დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ


თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისის მარიოტის“ მოპირდაპირე მხარეს დემონსტრანტები ბარიკადებს აგებენ.

პოლიციის მიერ აქციის დარბევისა და წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, გამზირზე ათასობით დემონსტრანტი რჩება.

„მარიოტთან“ რამდენიმე კარავია აღმართული, მათ გვერდით მიიტანეს ნაგვის ურნები, ქუჩის სკამები და სხვა ნივთები.

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია აქციის დაშლას განაგრძობს. მოქალაქეები ცდილობენ მიმდებარე ქუჩებს შეაფარონ თავი, შემდეგ კი ისევ დაბრუნდნენ რუსთაველის გამზირზე.

მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება.

ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, დღის წესრიგიდან მოხსნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლის ბოლომდე.

29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქცია დაარბია და მონაწილეები დააკავა.

შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG