„ესენი აკეთებენ რუსულ საქმეს. ეს სხვა არაფერი არ არის... რუსები ამით დასრულდებიან“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, დედაქალაქის მსგავსად, ბათუმშიც ჰყავს მობილიზებული სპეციალური ძალები, რომლებსაც სახე დაფარული აქვთ.
დედაქალაქის მსგავსად, ბათუმშიც დაიწყო პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება. აქციაზე მყოფთა ცნობით, დაკავებულია ოთხი ადამიანი.
პოლიცია მოქალაქეებს აკავებს თბილისშიც. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.
პოლიციელები მოქალაქეების დაკავების დროს მათზე ფიზიკურად ძალადობენ. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს.
ფორუმი