Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ პარლამენტთან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო


პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლის მეშვეობით შლის. 29 ნოემბერი, 2024 წ. თბილისი, საქართველო
პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლის მეშვეობით შლის. 29 ნოემბერი, 2024 წ. თბილისი, საქართველო

პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. უფრო ადრე პოლიციამ გამოიყენა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეიც.

საპოლიციო ძალების გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ იშლებიან.

აქციის მონაწილეები შეკრებილი არიან პარლამენტის შენობის კიდევ ერთ მხარეს - ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების კვეთაზე. პოლიციამ წყლის ჭავლი იმ ადგილზეც გამოიყენა.

საპოლიციო ძალების გამოყენებამდე იყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. ისროდნენ ბოთლებსა და საღებავებს.

მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ.

29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს. მათ შორის იყო „ფორმულის“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები და ა.შ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG