ოთხი პოლიტიკური გაერთიანება/პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, მოითხოვს ყველა დემონსტრანტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და და წერს, რომ ისინი დემონსტრანტებს ერთობლივი ძალით დაეხმარებიან სამართლებრივი, საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერით.
უცვლელია ოპოზიციური ლიდერების აზრი, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი საერთაშორისო ჩართულობით ახალი არჩევნების ჩატარებაა.
პარტიები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისტემური ძალადობა, „გააკეთონ მკაფიო განცხადებები მიტაცებული არჩევნების შედეგების არაღიარების თაობაზე და გადადგან ქმედითი საპასუხო ნაბიჯები“.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ქართველი ხალხის ლეგიტიმური მანდატის მქონე კოალიციები/პარტიები“ ერთად უპირისპირდებიან „ქართული ოცნების“ „არალეგიტიმურ რეჟიმს და მის მიერ ორგანიზებულ სისტემურ ძალადობას მშვიდობიანი მანიფესტანტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ“.
"ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება. მე თქვენთან ვარ და ვიქნები. აბა, ჰა!"
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აკეთებს და საზოგადოებას აცნობს გეგმებს, რომლის მიხედვითაც ის იქნება პოლიტიკური პროცესის სათავეში, რომელმაც ქვეყანა "ახალ საქართველომდე" და ახალ არჩევნებამდე. პრეზიდენტის თქმით, ეროვნული თანხმობა ყველა სივრცეში ფართოვდება და თვითონ აპირებს პრეზიდენტის ვალდებულება შეასრულოს იმ ვადამდე, სანამ ახალი, ლეგიტიმური პარლამენტი არ შეიკრიბება და შემდეგ არ აირჩევა ახალი პრეზიდენტი.
"მე მინდა საზოგადოებას ახლა ვუთხრა, აქაც, პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რომელიც დარჩა ამ ქვეყანაში, აქაც შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან, ჩემს ირგვლივ, შეიკრიბება ხვალ საზოგადოება ერთი მხრივ და პოლიტიკური პარტიები ასევე და
ერთად ვმართავთ იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, ქუჩაში და ყველგან, სადაც ხართ. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს, ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ერთად ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით. ახალი საქართველო, რომელიც დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, თავის დამოუკიდებლობას და რაც მთავარია თავის განვითარების დამოუკიდებელ გზას, რომელსაც არავის არ დავუთმობთ. ხვალ ჩვენ შევხვდებით კიდევ, ხვალ ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, ვინც მე მოვიწვიე.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და გამოთქვამს წუხილს, რომ 29-30 ნოემბრის ღამეს დემონსტრაცია „სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა“.
საპატრიარქო განცხადებაში წერს, რომ მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს ქმედებები, რომელიც გაცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს:
„შექმნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას.
ჩვენთვის ძვირფასია ორივე მხარეს მდგომნი და ვლოცულობთ მათთვის; ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის.
ამასთან, კიდევ ერთხელ ვთხოვთ ახალგაზდებს, საერთოდ დემონსტრანტებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და დაიცვან პროტესტის გამოხატვის საზღვრები; ასევე ვთხოვთ სამართალდამცავებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და არ გასცდნენ კანონიერი მოქმედების ფარგლებს; აუცილებელია, სახელმწიფომ მოახდინოს საზოგადოების სწრაფი ინფორმირებულობა დარღვევებისა და გამოძიების შესახებ.
რაოდენ დიდი ფასეულობისთვისაც არ უნდა ვიღვწოდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი და ყველაზე დიდი ღირსების მატარებელი ქმნილება ამ სამყაროში“, - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება.
უწყება მოუწოდებს დემონსტრანტებს პროტესტი გამოხატონ „კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება“.
შსს-ს განცხადების თანახმად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მობილიზებულები არიან საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები.
ძალოვანი უწყების განცხადებით, აქციის წევრებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის ჯებირები, ასევე, ქვების და სხვა საგნების გამოყენებით ჩაამსხვრიეს პარლამენტის ფასადზე არსებული ათამდე ფანჯრის შუშები.
„აქციაზე მყოფ პირებს მობილიზებული აქვთ პიროტექნიკა, ქვები, სხვადასხვა მძიმე საგნები, რომელსაც ისინი სავარაუდოდ კვლავ სამართალდამცველთა წინააღმდეგ გამოიყენებენ“, - წერია შსს-ს განცხადებაში.
ხალხმრავალ საპროტესტო აქციას, რომელიც რუსთაველზე უკვე მესამე დღეა გრძელდება, დემონსტრანტები ამ წუთებშიც ემატებიან.
ფორუმი