15 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მე-18 დღეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები.
„არჩევნები! არჩევნები“ - სკანდირებენ ისინი. „ვეტერინარები მოვითხოვთ ევროპულ მომავალს! არა ძალადობრივ რეჟიმს“, - წერია მათ მიტანილ ბანერებზე.
რუსთაველის გამზირი დღეს მეთვრამეტედ გადაიკეტა - საღამოს შვიდი საათისთვის საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეწყდა.
საპროტესტო დემონსტრაციების მე-18 დღე სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის მსვლელობებით გრძელდება. ყველა მათგანი გეგმავს, საღამოს რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან გაერთიანდეს.
15 დეკემბერს თბილისის ქუჩებში დაიწყო ხელოვანების, რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეების, არჩევნებზე დამკვირვებელთა მარშები.
17:00 საათიდან თბილისში, ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დაიწყო ისტორიული კონკურენტების, საფეხბურთო კლუბების, ესპანური მადრიდის რეალისა და ბარსელონას, გულშემატკივრების ერთობლივი მსვლელობა.
პარლამენტის წინ ნაძვის ხე თბილისის მერიას, 14 დეკემბერს, საღამოს შვიდ საათზე უნდა აენთო. ის ჯერ შემოღობეს, სცენაც ააწყვეს და იქაურობა და მიმდებარე ტერიტორია პოლიციელებით გაივსო, მაგრამ პროევროპული აქციის მონაწილეები მე-17 დღესაც მივიდნენ პროტესტის ადგილას.
მოშორებით, კონტრაქციის ჩატარების მცდელობა ჰქონდათ ოცნების მომხრეებს. შუაში პოლიციის კორდონი იდგა. მოულოდნელად ხალხში ხმა დაირხა, მთავრობამ ღონისძიება გააუქმა და ნაძვის ხე აღარ აინთებაო. ამ დროს ნაძვის ხესთან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა. კონტრაქციაზე კი მამუკა მდინარაძე გამოჩნდა და ხალხს უთხრა, დაიშალეთო.
თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ საახალწლო ნაძვს აანთებენ და საახალწლო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა “რადიკალური ოპოზიცია მისცემს ბავშვებს ამის შესაძლებლობას”.
კალაძემ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადადო
ფორუმი