Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

19:38 3.12.2024

„200 000-ლარიანი ფონდიდან 1 წლის განმავლობაში ანაზღაურებას მიიღებენ ის თამამი საჯარო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საჯაროდ ემიჯნებიან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწევთ სამსახურის დატოვება", - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

უნივერსიტეტი მოუწოდებს კომპანიებს შეუერთდნენ ინიციატივას და მხარი დაუჭირონ „გამბედავ“ საჯარო მოხელეებს.

3 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საჯარო სამსახურის თვითწმენდა“ უწოდა საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების მიერ პროტესტის ნიშნად გავრცელებულ განცხადებებს, რომლებშიც გამოხატული იქნა უკმაყოფილება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

19:35 3.12.2024

ოპონენტები, რომლებსაც ირაკლი კობახიძესთან დებატები სურდათ, ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრი არ გამოხატავს რეალურ მზაობას პირისპირ დებატებისათვის და ფორმატი, რაც მთავრობის მეთაურმა დღეს დასახა, მათთვის არ არის მისაღები.

„მშიშარა“ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, 2015-16 წლებში თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი მის დღევანდელ განცხადებას. კობახიძემ თქვა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში 12 ადამიანს ელის.

„ფორმატი არის ერთი ერთზე. ტელევიზიაში. ლოგიკური არჩევანია საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - წერს ხიდაშელი და დასძენს, - „ან მოდის, ან უბრალოდ მშიშარაა“.

დებატები, რასაც განიხილავენ, ეხება მიმდინარე მოვლენებსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, „2028 წლის ბოლომდე“ დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

17:56 3.12.2024

სასამართლო დაიწყო 17:45 წუთზე. მოსამართლე კობა ჩაგუნავა შემოვიდა დარბაზში.

მოსამართლე ხუთი პირის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს. ხუთივე დაკავებულია 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, პროევროპულ აქციებზე.

რადიო თავისუფლებას არ მიეცა ფოტო-გადაღების უფლება. მოსამართლემ განმარტა, რომ ამის მიზეზია ის, რომ რადიო თავისუფლება არ წარმოადგენს საერთო მაუწყებლობის მქონე მედიას.

17:53 3.12.2024

30 ნოემბერს, პროევროპულ აქციაზე დაკავებული 51 წლის მხატვარი ზურაბ გუგულაშვილი სასამართლო სხდომის დაწყებას ელის. სამართადამცავები მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან: “ვიდექი მშვიდობიანად, არანაირ უკანონო ქმედებას არ ჰქონდა ჩემი მხრიდან ადგილი.

ზურაბ გუგულაშვილი
ზურაბ გუგულაშვილი

ალყაში მოგვაქციეს, არსად გაქცევის საშუალება არ მოგვცეს. რამდენიმე სპეცრაზმელი მეცა, დამაგდეს, სახე დავიფარე, რომ სახეში არ ეცემათ, რადგან ვხედავდი, რომ ყველას ასე სცემდნენ. ამოიღონ ვიდეოები და ნახონ, რას ვაკეთებდი და როგორ”.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG