საპროტესტო დემონსტრაციამ, სპეცრაზმთან მრავალსაათიანი დაპირისპირების შემდეგ, სამ დეკემბერს, 05:30 საათისათვის ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლა.
ამის შემდეგ, წყლის ჭავლის მანქანამ, რომელიც რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“ იყო მობილიზებული, ტერიტორია დატოვა.
რამდენიმე ასეული ადამიანი ახლა თსუ-სთან არის შეკრებილი. პროტესტი გრძელდება.
პოლიციელთა ნაწილმა მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გააგრძელა - სავარაუდოდ, უნივერსიტეტისაკენ.
პარალელურად დასუფთავების სამსახურმა რუსთაველის გამზირის დასუფთავება დაიწყო.
ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, რადიო თავისუფლების პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც პრო-ევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე დააკავეს და სცემეს, სამ დეკემბერს, დილის ოთხ საათზე გამოუშვეს საპატიმროდან.
იგი პირველი დეკემბერს, გამთენიისას, თბილისიდან საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
თავდაპირველად მას ედავებოდნენ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას, თუმცა საბოლოოდ მისი საქმე სასამართლოში არ გადაიგზავნა და 48 საათის გასვლის შემდეგ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე გამოუშვეს იზოლატორიდან.
იზოლატორის დატოვების შემდეგ ბექა ბერაძე რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, როგორ დააკავეს ის და მისი ძმა, თორნიკე ბერაძე, და პოლიციის ძალადობას აღწერს:
სანამ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყება ხოლმე, სპეცრაზმი თავისუფლების მოედანზე დგას და ბრძანებას ელის. მათ უკან დგას წყლის ჭავლის მანქანებიც. რაღაც მომენტში რაციაში გაისმის: ჩაფხუტები, მზადყოფნა და სპეცრაზმიც მსვლელობას იწყებს.
2 დეკემბერს, აქციის მეხუთე დღეს, სანამ სპეცრაზმი კიდევ ერთხელ მიიღებდა აქციის დაშლის ბრძანებას, რამდენიმე საათის განმავლობაში მათ მოუწიათ გვერდით შეკრებილი ოცდაათიოდე ადამიანის მოსმენა და დიალოგის გაბმაც კი. ჩვენი კამერა იქ სწორედ ამ დროს აღმოჩნდა.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი აცხადებს, რომ კანადა სანქციებს დაუწესებს ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ.
2 დეკემბერს რიგაში, ბალტიის ქვეყნებისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების საერთო პრესკონფერენციაზე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა:
„კანადა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ძალიან გვაშფოთებს ის, რის გაკეთებას რუსეთი ცდილობს. ჩვენ მივყვებით [ამ სამი ქვეყნის] მაგალითს და, ჩვენი სანქციების რეჟიმზე დაყრდნობით, სანქციებს დავუწესებთ საკვანძო ფიგურებსა და ბიზნესებს, კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევაში, ასევე კორუფციაში“.
მელანი ჯოლის თქმით, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში მეტს ისაუბრებს.
ფორუმი