Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტებმა ბელარუსში უკრაინელების საფილტრაციო ბანაკი აღმოაჩინეს


საილუსტრაციო ფოტო: რუსეთ-ბელარუსის საფილტრაციო ბანაკი ქალაქ ნაროვლიაში. 2022 წელი
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთ-ბელარუსის საფილტრაციო ბანაკი ქალაქ ნაროვლიაში. 2022 წელი

2022 წლის გაზაფხულზე რუსმა სამხედროებმა მოაწყვეს საფილტრაციო ბანაკი ბელარუსის ქალაქ ნაროვლიაში, სადაც უკრაინელი პატიმრები აწამეს. ამ დასკვნას შეიცავს რადიო თავისუფლების პროგრამა "სქემების" უკრაინული სამსახურის პროექტის მიერ ბელარუსის საგამოძიებო ცენტრთან და რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარებული გამოძიება.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ნაროვლიაში ფილტრაციის ბანაკის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინეს სატელიტური სურათების ანალიზის, პატიმრებთან გადაღებული პროპაგანდისტული ვიდეოების, ყოფილი პატიმრების ჩვენებებისა და ჰაკერებისგან მიღებული მონაცემების საშუალებით.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ფილტრაციის წერტილი, სადაც განთავსებული იყვნენ როგორც უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამოქალაქო პირები, მდებარეობდა ბელარუსის სახელმწიფო საწარმო Pripyat Alliance-ის ერთ-ერთი შენობის ტერიტორიაზე. სატელიტური გამოსახულების მონაცემების მითითებით, გამომძიებლები წერენ, რომ რუსი სამხედროები იქ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მინიმუმ 2022 წლის მაისამდე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი ბოჰდან ლისენკო, რომელიც რუსმა სამხედროებმა 2022 წლის მარტის ბოლოს შეიპყრეს, ნაროვლიაში მდებარე ბანაკს "პროპაგანდისტულ სურათს" უწოდებს და მშვიდობიანი მოსახლეობის წამებაზე ლაპარაკობს. "იქ სამოქალაქო პირები იყვნენ, ღმერთმა ნუ ქნას... ანუ იქ მუდმივად ისმოდა ყვირილი", - ციტირებენ სამხედროებს ჟურნალისტები. ცემის შესახებ ვლადისლავ იაგოდინსკიმაც ისაუბრა.

რუსი სამხედროების მიერ ნაროვლიაში გადაყვანილი უკრაინელი სამოქალაქო პირების რაოდენობამ შესაძლოა რამდენიმე ასეულს მიაღწიოს, - წერენ ჟურნალისტები.

საფილტრაციო ბანაკის თაობაზე კომენტარისთვის ჟურნალისტებმა ალიაქსანდრ ლუკაშენკას პრესმდივანს, ნატალია ეისმონტს მიმართეს. გამოძიების გამოქვეყნების მომენტისთვის, მან კომენტარის თხოვნას არ უპასუხა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG