სტატია მზად იყო გამოსაქვეყნებლად, როდესაც გაირკვა, რომ კაცი დაკავებულია და პროკურატურა ბრალის წარსადგენად ემზადება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, დაკავებულს უნდა გადაეცეს ბრალდების შესახებ დადგენილება. თუ ამ ვადაში დაკავებულს დადგენილება არ გადაეცა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ორგანიზაცია „საფარი“, რომელიც ამერიკელი ქალის უფლებებს იცავს, დამნაშავის დაუყოვნებლივ დაკავებას და დაზარალებულის ამერიკელი მეგობრების, საქმის მოწმეების დაკითხვას მოითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი დაკავებულია, „საფარში“ ეჭვობენ, რომ შესაძლოა, სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენოს არა პატიმრობა, არამედ გირაო, როგორც ეს საქართველოში ხშირად ხდება სქესობრივი დანაშაულების შემთხვევაში და კაცი გაათავისუფლონ.
რა მოხდა სასტუმროში?
27 წლის ამერიკელი ენისთვის (აქ და შემდეგაც რესპონდენტის სახელი შეცვლილია მისივე ანონიმურობის დაცვის მიზნით) ეს საქართველოში პირველი მოგზაურობა იყო - ენი ხშირად მოგზაურობს. ამჯერად კი, საქართველოსა და სომხეთის მონახულება სურდა. რეგიონის შესახებ წინასწარ მოაგროვა ცნობები და თავისი შვებულების გატარება აქ გადაწყვიტა. ასე აღმოჩნდა ის საქართველოს ერთ პატარა ქალაქში, სადაც ორი დღით დარჩენა გადაწყვიტა.
სასტუმრო დისტანციურად იქირავა - სტუმრები ამ ადგილს აქებდნენ და განსაკუთრებით კეთილი სიტყვებით მის პატრონს მოიხსენიებდნენ.
„ძალიან მიხაროდა იქ ჩასვლა. თან, ადგილი ძალიან მომეწონა“, - იხსენებს ის ჩვენთან საუბარში.
სასტუმროს მფლობელი, 60-დან 70 წლამდე მამაკაცი, რეგისტრაციის დროს გაიცნო. მასპინძელი სტუმარს გულთბილად შეხვდა, ნომერში ჩანთა აატანინა, რამდენიმე სიტყვა გაცვალეს, ჰკითხა საიდან იყო... ეს ენიმ ქართულ სტუმარმასპინძლობად აღიქვა, რომლის შესახებ ბევრი სმენოდა.
მერე ქალაქში გავიდა, ცოტა დაათვალიერა. ბევრი ცნობისმოყვარე თვალი შენიშნა, რაც მეგობარსაც გაუზიარა, თუმცა ამისთვის დიდად ყურადღება არ მიუქცევია. მაღაზიაში წყალი და ლუდი იყიდა. ამ დროს იქვე სასტუმროს პატრონი შეხვდა თავისი მანქანით, რომელმაც სასტუმრომდე მიყვანა შესთავაზა. გზად კი სხვათა შორის ჰკითხა, ღვინის გასინჯვა ხომ არ გინდაო.
„ვუთხარი, რატომაც არა, ღვინო მიყვარს და სიამოვნებით გავსინჯავ-მეთქი. თან მშიოდა და ვიფიქრე, მერე სადმე რესტორანში გავიდოდი“.
სასტუმროში მიბრუნებული ენი ტერასაზე ავიდა. იფიქრა, რომ მასპინძელიც იქ მიიტანდა ღვინოს, მაგრამ როცა აღარ გამოჩნდა, ენი თავის ოთახში, ლუდის ასაღებად დაბრუნდა. თუმცა მოულოდნელად, კაცი, ღვინით და ხილით ხელში, სწორედ ოთახში მიადგა - ტერასაზე ცივა და აქ ჯობსო. დაჟინებით მოითხოვა, რომ საჭმელიც იქ გამოეძახათ.
თავიდან სტუმარს ეჭვი არაფერში შეუტანია, მაგრამ მას მერე, რაც კაცმა ხელსახოცით ხან პირი მოსწმინდა, ხან ეცადა, რომ დაჭრილი ხილი თავისი ხელით ეჭმია, ქალი დაეჭვდა და თავის ამერიკელ მეგობრებს მისწერა, თავს არაკომფორტულად ვგრძნობო.
„მაგრამ თან ვფიქრობდი, მასპინძელს არ სწყენოდა. თან მერიდებოდა. ვერ მივხვდი, რა მექნა იმ წამს. უბრალოდ ვიფიქრე, რომ ჯანდაბას, ვისადილებ და დილითვე წავალ აქედან-მეთქი. ამ ხნის განმავლობაში სასტუმროს მეპატრონე ხან გადიოდა, ხან შემოდიოდა და ერთ-ერთ შემოსვლაზე ჯერ კოცნა მოინდომა და ხელზე წამეტანა. მე ვუთხარი, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და დაძინება მინდოდა, მაგრამ ამის გაგონებაზე უფრო აგრესიული გახდა, ხელები მომხვია და ინტიმურ ადგილებში მეხებოდა, ცდილობდა ტანსაცმელი გაეხადა“.
რაღაც მომენტში სასტუმროს მფლობელი გარეთ გავიდა და მისი ოთახის გასაღებიც გაიყოლა. ამ დროს ქალმა ისევ მეგობარს დაურეკა და ჯერ კიდევ მას ესაუბრებოდა და თავის შიშს უზიარებდა, როცა კაცი ისევ დაბრუნდა. ქალმა ტელეფონი საბნის ქვეშ შემალა, თუმცა არ გაუთიშავს და მის მეგობარს ესმოდა, რაც იმ ოთახში ხდებოდა.
„ჩემმა მეგობარმა მერე მითხრა, მესმოდა შენი ხმა, როგორ იმეორებდი, გაჩერდი, გაჩერდიო“.
შემდეგ სასტუმროს პატრონმა ჯიბიდან ხუთასი დოლარი ამოიღო და ცდილობდა ენისთვის მიეჩეჩებინა: „ვფიქრობდი, ალბათ, ასე ცდილობს, რომ გამაჩუმოს-მეთქი. ცხადია, ეს ფული არ გამომირთმევია. როგორც იქნა, წავიდა და ის ღამე, დილის ექვსამდე არ მძინებია. მეშინოდა. არ ვიცოდი, ღამით, უცხო ქალაქში სად წავსულიყავი ან ვისთვის დამერეკა“.
დილის რვისკენ მისი ოთახის კარზე ისევ გაისმა კაკუნი. ენიმ კარი სანახევროდ გააღო - იქ ისევ სასტუმროს მეპატრონე იდგა. ქალმა გაიფიქრა, ალბათ ბოდიშის მოხდა უნდაო, მაგრამ კაცმა ისევ ოთახში შესვლა და იმავეს გამეორება რომ სცადა, ენიმაც ხმას აუწია და კარი ჩაკეტა. მერე სასწრაფოდ ბარგი ჩაალაგა, თბილისში გამოიქცა და დასახმარებლად ამერიკის საელჩოში დარეკა.
მალე საქმეში პოლიციაც ჩაერთო და საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით.
ენის უფლებებს თავიდანვე ორგანიზაცია „საფარი“ და მისი იურისტი თამარ ლუკავა იცავდა, რომელიც ჩვენთან საუბარში შენიშნავს, რომ ეს არ არის საქართველოში უცხოელი ქალის გაუპატიურების პირველი შემთხვევა. „საფარს“ სხვა ორ საქმეზეც უმუშავია და, როგორც ადვოკატი იხსენებს, მაშინაც, პოლიციის და პროკურატურის მხრიდან ისეთ დაბრკოლებებს, სირთულეებსა და პროცედურულ დარღვევებს წააწყდნენ, როგორც ახლა.
ცარიელი ოთახის ძიებაში
მომხდარი, თავიდანვე შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს შეატყობინეს და მოითხოვეს, ქალი თბილისში გამოეკითხათ და არა იმ რეგიონში, სადაც დანაშაული მოხდა, რადგან ძალადობის მსხვერპლის ისევ დანაშაულის ადგილას დაბრუნება მისთვის უარესი იქნებოდა.
ამაზე თანხმობა კი მიიღეს, მაგრამ პოლიციის სამმართველოში მისულებს, შესთავაზეს ქალი გამოეკითხათ არა ცალკე ოთახში, არამედ საერთო სივრცეში, სადაც კონფიდენციალურობა საერთოდ არ იყოს დაცული:
„ოცამდე ადამიანი მიდი-მოდიოდა, თან გარშემო რემონტი იყო“, - გვიყვება თამარ ლუკავა.
საათზე მეტი დასჭირდა იმას, რომ როგორმე, ქალი ცალკე ოთახში გამოეკითხათ.
ჯერ ერთ ოთახში შეიყვანეს, შემდეგ მეორეში, სადაც ირგვლივ სისხლის სამართლის საქმეებზე ამოღებული დალუქული მტკიცებულებები ელაგა, ბოლოს, როგორც იქნა, შედარებით მისაღები ოთახი იპოვეს:
„წარმოიდგინეთ, გაუპატიურებული ქალი, უცხოელი, უცხო ქვეყანაში, მივიყვანეთ პოლიციაში, სადაც ოცი კაცი დადიოდა მის გარშემო და მას უნდა მოეყოლა თავს გადახდენილი ამბავი. მერე დავატარებდით აქეთ-იქით ოთახის საძებნელად. და როცა ეს გავაპროტესტეთ, გვიპასუხეს, ქართველი ქალებისთვის არ გვაქვს ცალკე ოთახი და ახლა კიდევ ამერიკელისთვის მოგვთხოვეთ გამოყოფაო“.
ადვოკატი გვიყვება, რომ ამის შემდეგ, ენის ორჯერ მოუწია ამბის მოყოლა მხოლოდ იმიტომ, რომ თარჯიმანი შეიცვალა.
ბრძოლა დასჭირდათ იმისთვისაც, რომ გამოკითხვას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი დასწრებოდა.
გამოკითხვის შემდეგ, პოლიციაში მიიღეს პასუხი, რომ საქმე უკან, რაიონში უნდა დაბრუნებულიყო და, რომ „ისინი ამ საქმის ძიებას ვერ გააგრძელებდნენ“.
„ეს გავაპროტესტეთ, რადგან უკვე პარასკევი საღამო იყო, ორშაბათამდე ისედაც არავინ არაფერს გააკეთებდა. დრო გადიოდა და მტკიცებულებებს დროულად უნდოდა გამოკვლევა. სასწრაფოდ იყო ჩასატარებელი ექსპერტიზაც“, - გვიამბობს თამარ ლუკავა.
როგორც იქნა, მტკიცებულებები ამოიღეს და დალუქეს. გამოსცეს დადგენილებაც ენისთვის სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე და ქალი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში წაიყვანეს. მაგრამ რადგან პარასკევი იყო და სამუშაო საათებიც სრულდებოდა, იქ მხოლოდ ერთი, მორიგე ექსპერტი დახვდათ, რომელსაც მხოლოდ ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება შეეძლო.
სამედიცინო ექსპერტიზა ძალადობაგამოვლილ ქალს იმ დღეს ვერ ჩაუტარდა და ორშაბათს გახდა ხელახლა მისასვლელი. საბოლოოდ საქმე ისევ იმ რაიონს გადაეცა, სადაც დანაშაული მოხდა. ქალს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.
როგორც თამარ ლუკავა გვეუბნება, ახლა მოელიან როდის წაუყენებენ კაცს ბრალს.
ადვოკატი ასევე მოითხოვს საქმესთან დაკავშირებული ყველა მოწმის, განსაკუთრებით, დაზარალებული ქალის მეგობრების, ამერიკის მოქალაქეების გამოკითხვას, დისტანციურად, მაგისტრატი მოსამართლის დახმარებით.
და კიდევ: საგამოძიებო მოქმედებები უნდა დასრულდეს მანამ, სანამ ქალი ჯერ კიდევ საქართველოშია.
რატომ არის ასე რთული გაუპატიურების შემთხვევების გამოძიება?
ქალთა უფლებებზე მომუშავე არაერთი ადვოკატი ჩივის, რომ საქართველოში ძალიან ჭირს სქესობრივი დანაშაულის დროს, ქალისთვის დაზარალებულის სტატუსის მოპოვებაც კი, ხოლო დამნაშავისთვის ბრალის წარდგენა.
ბევრია ისეთი საქმე, სადაც ყველა საგამოძიებო მოქმედება დასრულებულია, თუმცა პროკურატურა დამნაშავისთვის ბრალის წარდგენას არ ჩქარობს და, როგორც თამარ ლუკავაც ამბობს ჩვენთან საუბარში, ხშირად, საგამოძიებო უწყება ასეთი ტიპის საქმეებზე ითხოვს ისეთ მტკიცებულებებს, რაც შეუძლებელია იყოს საქმეში.
„რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დაზარალებული ქალის ჩვენებაა? თან, თუ მას მოწმეებიც ჰყავს? არ შეიძლება, სქესობრივი დანაშაულის გამოძიება და შემდეგ ამ საქმის სასამართლოში განხილვა იყოს ისეთი, როგორც ჩვეულებრივი დანაშაულის დროს, რადგან ეს ძალიან სპეციფიკური დანაშაულია.
ძალადობაგამოვლილი ქალები ხშირად სწორედ იმიტომ არ მიმართავენ პოლიციას დახმარებისთვის, რომ მათგან აწყდებიან აგდებულ, ინდიფერენტულ დამოკიდებულებას. ყველას რჩება განცდა, რომ მათი არ სჯერათ და ეზარებათ მათი საქმის გამოძიება“, - გვითხრა თამარ ლუკავამ.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად აწყდებიან პოლიციის განყოფილებებში სამართალდამცავების მხრიდან დამამცირებელ და დისკრიმინაციულ მოპყრობას.
„განსაკუთრებით უცხოელ ქალებს ეპყრობიან უდიერად, არ სჯერათ მათი განცხადებების. სამართალდამცავებს არ გააჩნიათ მგრძნობელობა ამგვარი საქმეების მიმართ. როგორც წესი, მიაჩნიათ, რომ ქალი აუცილებლად ტყუის“, - აცხადებდა რადიო თავისუფლებასთან ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია 2023 წელსაც, როცა თბილისის ერთ-ერთ უბანში, 35 წლამდე ფერადკანიანი ქალის გაუპატიურების საქმეს ვაშუქებდით.
კიდევ ერთი მთავარი დაბრკოლება, რაც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენის დასჯას უშლის ხელს საქართველოში, არის ე.წ. გაუპატიურების მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, სადაც წერია, რომ ეს დანაშაული ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან უმწეობის გამოყენებით.
„რა ხანია ამ მუხლის შეცვლას მოვითხოვთ. რადგან ამით სარგებლობს გამოძიებაც, პროკურატურაც, სასამართლოც - ყველა ითხოვს ძალადობის კვალს ან მუქარის დამამტკიცებელ მტკიცებულებას, რაც არის სრულიად შეუსაბამო ასეთი ტიპის დანაშაულთან. ხშირად გაუპატიურება ისეა მომხდარი, რომ ძალადობის კვალი საერთოდ არ არსებობს“, - განმარტავს თამარ ლუკავა.
„გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ“, - სსკ. 137-ე მუხლი.
იურისტები წლებია მოითხოვენ ცვლილებას კანონში და ამბობენ, რომ „გაუპატიურების მუხლი“ ეწინააღმდეგება სტანდარტს, რომლის თანახმად, გაუპატიურებად უნდა მიიჩნეოდეს სექსუალური ხასიათის ქმედება, მსხვერპლის სხეულში შეღწევა, რომელიც მისი თანხმობის გარეშეა ჩადენილი.
მათივე შეფასებით, სწორედ თანხმობის ელემენტის არარსებობის გამო რჩება არაერთი მსგავსი საქმე გამოუძიებელი.
„ამერიკელი ქალის გაუპატიურების საქმეშიც, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს, თანხმობის არარსებობა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ ქალს სხეულზე დალურჯებები არ აქვს და ნაცემი არ არის, დანაშაულის ჩამდენი, შესაძლოა, გაამართლონ კიდეც“, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში თამარ ლუკავა.
- სახალხო დამცველის 2020 წლის სპეციალურ ანგარიშში „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში” ვკითხულობთ, რომ 2017 წლის პირველი ივნისიდან 2019 წლის პირველ მაისამდე სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტის შესახებ 112-ში შევიდა 361 შეტყობინება.
- გამოძიება დაიწყო სექსუალური ძალადობის 251 შემთხვევაზე. ამავე პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სექსუალური ძალადობის 54 შემთხვევაზე და დევნა შეწყდა სისხლის სამართლის 17 საქმეზე.
- ამავე პერიოდში საქართველოს საქალაქო (რაიონულმა) სასამართლოებმა განიხილეს და განაჩენი გამოიტანეს სისხლის სამართლის 26 საქმეზე. აღნიშნული საქმეებიდან გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 20 საქმეზე.
ახალი კანონპროექტი, რომელიც მოქმედ დისკრიმინაციულ კანონს შეცვლიდა და რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, დიდი ხნია მზად არის, თუმცა, ამ დრომდე პარლამენტის ადამიანის უფლებთა კომიტეტის თაროზეა შემოდებული.
იურისტი და უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი გვეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ იყო არაერთი მოწოდება საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ კანონში, ნაცვლად ძალადობისა და ძალადობის მუქარისა, გაუპატიურების დეფიცინიაში ჩაეწერათ თანხმობის არარსებობა, თუმცა ამაოდ.
„პროცესი ორი წლის წინ გაჩერდა, მას შემდეგ რაც მომზადებული კანონპროქტი გაეგზავნა ადამიანის უფლებათა კომიტეტს, დღეს კი მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც სრულყოფილად არ აფასებს ძალადობის მსხვერპლთა დიდი ნაწილის გამოცდილებას. მეორე მხრივ კი, ეს იწვევს, მოძალადეთა დაუსჯელობას“, - უთხრა გოგა ხატიაშვილმა რადიო თავისუფლებას.
მისივე თქმით, პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან უკრაინა იყო პირველი, ვინც კანონში პირდაპირ ჩაწერა, თანხმობის არარსებობა. მოლდოვა კი მეორე.
სქესობრივი დანაშაულების კანონის შეცვლა არის ერთ-ერთი ევროკომისიის იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელიც საქართველოს უნდა შეესრულებინა.