Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ - ქალები გაუპატიურების მუხლში ცვლილებას ითხოვენ


თბილისში ქალების სხეულებრივი ავტონომიის და უსაფრთხოების დასაცავად მარში იმართება - ქალთა მოძრაობა, ქალების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების, კულტურული და შემოქმედებითი სივრცეების, ღამის კლუბებისა და მუსიკალური ფესტივალების წარმომადგენლები ერთად მოითხოვენ შეიცვალოს კანონში გაუპატიურების განმარტება. მარშში მონაწილე ადამიანები ამ გზით ითხოვენ ქალების დაცვას სქესობრივი დანაშაულებისგან. მათ ფეხით გაიარეს გზა პირველი რესპუბლიკის მ რუსთაველამდე, პარლამენტის შენობამდე.

კანონის მოქმედი რედაქციით გაუპატიურებად ითვლება მხოლოდ ისეთი სქესობრივი დანაშაული, რომელსაც თან ძალადობაც ახლავს, და არა ის შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი მოძალადეს წინააღმდეგობას არ და ვერ უწევს, თუმცა აქტზე თანახმა არაა.

"ქალის ნამდვილი თანხმობის გარეშე მასთან განხორციელებული სექსუალური ხასიათის აქტი გაუპატიურება და ძალადობაა, რაც აღიარებულია საერთაშორისო კონვენციების და სასამართლოების მიერ, მაგრამ ამას არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა.

ქართველ კანონმდებელს დღეს არ აინტერესებს ქალის თანხმობის არსებობა ან არარსებობა. ქართული კანონმდებლობა გაუპატიურებას განიხილავს, მხოლოდ როგორც ქმედებას, რომელიც ჩადენილია ფიზიკური ძალადობით ან ძალადობის მუქარით. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის რომ ქალი ჩაითვალოს გაუპატიურებულად, ის ასევე უნდა იყოს ნაცემი.

შეუძლებელია ქალების სქესობრივი დანაშაულებისაგან დაცვა დღეს არსებული კანონით" - ასეთია აქციის მონაწილეების პოზიცია.

თბილისის გარდა ქალთა უფლებების დასაცავად აქცია გაიმართა საქართველოს სხვა ქალაქებშიც, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა - საქართველოში ქალთა მოძრაობა ამ დღეს რამდენიმე წელია აღნიშნავს.

XS
SM
MD
LG