"დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიტანეთის საელჩო ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ:
"ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ".
25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პარლამენტი არალეგიტიმური და თვითგამოცხადებულია.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - ისინი „ოცნებას“ არ მიუწვევია.
შეზღუდული იყო მედიის დაშვებაც.
პარლამენტმა, პრეზიდენტისა და ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელების მიუხედავად, რომლითაც არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
ფორუმი