Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო აშშ-ის მსგავსად კიევში რამდენიმე სხვა ქვეყანამაც დახურა საელჩო


აშშ-ის საელჩო კიევში. 24 იანვარი, 2022.
აშშ-ის საელჩო კიევში. 24 იანვარი, 2022.

კიევში აშშ-ის საელჩომ ამერიკის მოქალაქეები გააფრთხილა უკრაინაში 20 ნოემბერს დღის განმავლობაში რუსეთის მასიური საჰაერო თავდასხმის საფრთხის შესახებ. როგორც საელჩოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი, დიპლომატიურმა უწყებამ მიიღო „კონკრეტული ინფორმაცია“ პოტენციური მასიური დარტყმის შესახებ.

უსაფრთხოების მოსაზრებებით კიევში საელჩო ოთხშაბათს დახურულია. აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინაში ურჩევენ, მზად იყვნენ, საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაშურონ თავშესაფარს.

შეტყობინებაში არ არის ნათქვამი, თუ რა ტიპის თავდასხმა და რა რეგიონებში არის მოსალოდნელი. ეს ეხება უკრაინის მთელს ტერიტორიას.

აშშ-ის საელჩოს შემდეგ კიევში დიპლომატიური მისიების მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ გამოაცხადეს ესპანეთის, იტალიისა და საბერძნეთის საელჩოებმაც. გამოცემა „სუსპილნე“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი დაკავშირებულია სწორედ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასიური დარტყმის საფრთხესთან და არა იმის შიშთან, რომ რუსეთმა, ბირთვული დოქტრინის შეცვლის შემდეგ, შესაძლოა ბირთვული დარტყმა განახორციელოს კიევზე.

16-დან 17 ნოემბრის ღამეს რუსეთის ჯარებმა რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად დაიწყეს მასიური თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამან გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა ქვეყნის ბევრ რეგიონში. ასევე, ბოლო დღეებში განხორციელდა რამდენიმე დარტყმა, რომლების დროსაც უკრაინაში ათობით ადამიანი დაიღუპა ფრონტის ხაზიდან მოშორებით - სუმიში, ოდესაში, გლუხოვში.

რუსი სამხედრო ბლოგერები მაშინ წერდნენ, რომ შემდეგი საბრძოლო ოპერაციებისთვის სტრატეგიული ბომბდამშენების მომზადება ოთხშაბათს დასრულდება.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ნება დართო, რუსეთში მდებარე ობიექტებზე იერიშები განახორციელოს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა ATACMS-ით. ამის შესახებ თეთრ სახლს ოფიციალურად არ განუცხადებია, მაგრამ არაერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, უცხო ქვეყნების წარმომადგენლებმა და თავად უკრაინამ განაცხადეს ასეთი ნებართვის შესახებ, ამ საკითხზე მედიაც წერდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გუშინ გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულება ბირთვული დოქტრინის შეცვლის შესახებ. განახლებული ტექსტი ფაქტობრივად საშუალებას აძლევს რუსეთს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით რაკეტებისა და თვითმფრინავების გაშვების საპასუხოდ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG