Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 საათი გავიდა ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვიდან


აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე
აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე

თბილისის ცენტრში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, სადაც ერთმანეთს კვეთს ვარაზისხევი, ჭავჭავაძის გამზირი, კეკელიძისა და მელიქიშვილის ქუჩები, გრძელდება აქცია არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. ეს სატრანსპორტო კვანძი უკვე 30 საათია გადაკეტილია.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თქმით, პროტესტი ამ ადგილზე 19 ნოემბრის 20:00 საათამდე გაგრძელდება. როგორ განვითარდება მოვლენები გზის გადაკეტვიდან 48 საათის შემდეგ, ამას აქციის მონაწილეებს მოგვიანებით გააცნობენ.

ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში აქციის მონაწილეებისთვის ამზადებენ ცხელ სასმელს, სთავაზობენ საჭმელს, ანთებენ ცეცხლს.

ჭავჭავაძის გამზირი 17 ნოემბერს გადაიკეტა. მოქალაქეთა მსვლელობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციისკენ მიემართებოდა, „კოალიცია ცვლილებისთვისა“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მითითებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეჩერდა, გაშალეს კარვები და დაიწყო სიტყვით გამოსვლები. პირველადი გეგმით, პროტესტი 24 საათი უნდა გაგრძელებულიყო.

გზის გადაკეტვის გამო შეიცვალა ვაკეში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.

შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი:

  • „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
  • „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
  • „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.

საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.

ფორუმი

XS
SM
MD
LG