შემდეგ, გამოქვეყნდა მეორე ვიდეოც, რომელიც ასახავს ბჟანიას ჩასვლას თავის მშობლიურ სოფელ ტამიშში. მისმა პრესსამსახურმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, "პრეზიდენტმა" რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი.
15 ნოემბერს, ბჟანიას გადადგომას ათასობით მომიტინგე მოითხოვდა, რომლებიც პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ. გვიან საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს „ხელისუფლების“ წარმომადგენლები ოპოზიციონერებთან ასლან ბჟანიას გადადგომის გეგმებს ათანხმებდნენ. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ბჟანია მოსკოვს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის, თითქოს მომიტინგეები რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზურ ოპოზიციას სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლასა და ესკალაციის პროვოცირებაში დასდო ბრალი.
ოპოზიცია მოელის, რომ „გაქცეული“ ბჟანია დღეს ისევ შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას, თუმცა ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ის პოსტზე აღარ უნდა დარჩეს.
15 ნოემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, მოვლენები მოულოდნელად სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც ე.წ. პარლამენტის სხდომა ჩაიშალა, სადაც სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება იყო დაგეგმილი. დღის წესრიგში საკითხის შესატანად, ე.წ. დეპუტატების რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა.
სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჭიშკარი ავტომობილით გაანგრიეს და ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე ამ გზით შეიჭრნენ. როგორც იუწყებიან, ამჟამად, რკინის ზღუდე საერთოდ მოხსნილია ე.წ. სამთავრობო შენობების გარშემო.
აქციის მონაწილეები, თავიდან, ხელშეკრულების საბოლოოდ ჩაგდებას მოითხოვდნენ; ხოლო დღის მეორე ნახევრიდან, მათი მთავარი მოთხოვნა - ე.წ. პრეზიდენტის უპირობო გადადგომა იყო.
ფორუმი