„ეს ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და რთული. ჩვენ შევდივართ ლაბირინთში, მაგრამ გპირდებით, რომ გავარღვევთ მას. გპირდებით, რომ ზღაპრის ბოლო იქნება კეთილი, მაგრამ ამისთვის ახალგაზრდებს ჩვენი მშობლების, ბებია-ბაბუების თაობა უნდა გამოგვყვეთ ამ ბრძოლაში. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მეორე დღეა, სტუდენტების ნაწილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში აქციას მართავს. ისინი მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა - ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არ აღიარებენ და მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა - ელექტრონულ უბნებზე ხმის ფარულობის უფლების დარღვევა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი იდენტიფიცირებული პრობლემაა.
არჩევნების დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ საქართველოს პარტნიორებიც დასავლეთში. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის პარალელურად, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას ცესკოს მოთხოვნით აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. ამ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციის ლიდერები, გამოძიებას უნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაც.
ფორუმი