სტუდენტები ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას.
მათთან შენობაში არ შეუშვეს ჟურნალისტები, რომლებიც ამ პროტესტს აშუქებდნენ.
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის, "გუშაგების" განცხადებით, “მათ აირჩიეს ევროპა”. ჯგუფის წევრები ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით 18 საათია, უნივერსიტეტის შენობის ფოიეში არიან და დაშლას არ აპირებენ.
“გუშაგებში” 50-მდე სტუდენტია გაერთიანებული. ისინი ამბობენ, რომ დაიწყეს უწყვეტი საპროტესტო აქცია. სტუდენტებს შორის არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებიც. მათგან ერთ-ერთია პარტიის, “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელი არჩილ ბერიძე. იგი არის ასევე 79-ე საარჩევნო ოლქის კომისიის წევრი. არჩილ ბერიძე ამბობს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა.
”ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო დადგმული სცენარი იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებას" დაეწერა ის პროცენტი, რაც დაიწერა”.
სტუდენტთა ნაწილი დღეს საღამოს აქციასაც აანონსებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა - ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არ აღიარებენ და მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა - ელექტრონულ უბნებზე ხმის ფარულობის უფლების დარღვევა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი იდენტიფიცირებული პრობლემაა.
არჩევნების დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ საქართველოს პარტნიორებიც დასავლეთში. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის პარალელურად, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას ცესკოს მოთხოვნით აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. ამ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციის ლიდერები, გამოძიებას უნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაც.
ფორუმი