Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების მომზადებას
ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების მომზადებას

რუსეთთან ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა პროტესტი სოხუმში

სოხუმში მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს. ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მზადაა გადადგეს, თუმცა პირობას აყენებს. საკოორდინაციო საბჭოს ლიდერები დე ფაქტო პრეზიდენტის წინადადებას არ იღებენ, შენობებიდან გასვლას არ აპირებენ, მას უპირობო გადადგომისკენ მოუწოდებენ.

17:16 15.11.2024

სოხუმში მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს

სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაშიც შევიდნენ. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ დერეფნები ხალხით არის სავსე. ისინი მოუწოდებენ ძალოვნებს - არ გაუწიონ წინააღმდეგობა და მათ მხარეს გადავიდნენ.

ადგილობრივი მედია წერს, რომ სამართალდამცველები დერეფნებიდან გადიან და ხალხი კონტროლს ამყარებს ე.წ. პარლამენტის მთელ შენობაში.

15 ნოემბერს, სოხუმში, მიტინგზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ე.წ. პარლამენტის შენობასთან აქცია დილიდან იმართებოდა, სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ - კენჭისყრა დღეისთვის იყო დაგეგმილი. საკითხის განხილვა ჩაიშალა. დღის წესრიგში საკითხის შეტანას ე.წ. დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი და სესია არ შედგა.

წაიკითხე აქ: მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტის შენობა დაიკავეს

17:48 15.11.2024

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს - სადავო კანონპროექტის ე.წ. პარლამენტიდან გამოწვევის შესახებ. ლაპარაკია კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირებას, რამაც ხალხის მღელვარება გამოიწვია.

„ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია რესპუბლიკაში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით“, - წერია პრესსამსახურის განცხადებაში.

ოპოზიციის მოთხოვნაა, რომ ასლან ბჟანია უპირობოდ გადადგეს ე.წ. პრეზიდენტის პოსტიდან. ბჟანიას გადადგომას ითხოვენ მომიტინგეები, რომლებიც რამდენიმე საათის წინ ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციისა და პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ. მათ დაიკავეს ბჟანიას კაბინეტი და სათათბირო ოთახი.

წაიკითხეთ აქ: აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სადავო კანონპროექტს თმობს

17:52 15.11.2024

სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტისა და ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ

19:29 15.11.2024

განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ურჩევს რუსეთის მოქალაქეებს - თავი შეიკავონ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლისგან, თუნდაც - ტურისტული მიზნებით.

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ოპოზიცია სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდა, არ ერევა აფხაზეთის შიდა საქმეებში და იმედოვნებს, რომ პრობლემა მშვიდობიანად გადაიჭრება.

ვრცლად რუსეთის ოფიციალური უწყების გამოხმაურების შესახებ წაიკითხეთ აქ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG