რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესთან“ კომენტარი გააკეთა სოხუმში შექმნილ ვითარებაზე.
„არაფერი გამოუსწორებელი ჯერ არ მომხდარა. ჩვენ უნდა გავჩერდეთ, დავისვენოთ და კარგად დავფიქრდეთ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ნათელია. ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა ბჟანიამ.
გამოსავლის გზად კი დე ფაქტო პრეზიდენტი ასახელებს აქციის მონაწილეების მიერ ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის დატოვებას, რის შემდეგაც, მისი სიტყვებით, ე.წ. პრეზიდენტი და ე.წ. პარლამენტი შესაბამის ნორმატიულ აქტებს მიიღებენ.
„დაინიშნება არჩევნები“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ და დასძინა, რომ ის მზად არის გადადგეს და არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში მივიდეს.
წაიკითხე აქ: „გამოუსწორებელი არაფერი მომხდარა, მაგრამ შეიძლება სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ"
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა სამთავრობო შენობების ირგვლივ გაჩერებული სატვირთო მანქანები დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დაუბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილიდან ავრცელებს TASS-ის კორესპონდენტი.
სატვირთოები საპროტესტო აქციის გამო განათავსეს ე.წ. სამთავრობო კომპლექსის გალავნის გასწვრივ. თუმცა სწორედ ერთ-ერთი მათგანი დახმარებით გაარღვიეს აქციის მონაწილეებმა ღობეები.
როგორც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან მიქაამ განუცხადა, მათ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრსა და მის მოადგილეს განუცხადეს, რომ ტექნიკა უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და იქ იდგეს, სადაც მისი ადგილია.
„ჩვენ მათ ვუთხარით, რომ სამომავლოდ არ დავუშვებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ ეს აღჭურვილობა შიდა საქმეებისთვის ვიღაცის ან რაღაცის დასაცავად გამოიყენოს“.
წაიკითხე აქ: სამხედრო ტექნიკა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დაუბრუნეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის ყოფილი თანაშემწე და "პიატნაშკას" ბატალიონის მეთაური, უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ახრა ავიძბა, სავარაუდოდ, აფხაზეთში ჩავიდა.
დღეს, დილით ავიძბამ ფეისბუკის ლაივი ჩართო, რომელზეც სოხუმისკენ მიმავალი გზა ჩანდა. ავიძბა არ ჩანდა კადრში, კადრს მიღმა ისმოდა სიმღერა "პიატნაშკა აქ მუშაობს, ძმებო!"
მოგვიანებით ავიძბამ გამოაქვეყნა მოკლე პოსტი: „აფსნი“.
ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა ტელეგრამის არხზე დაწერა: „ეს კვირადღე აშკარად ეწინააღმდეგება ასლან ბჟანიას პრეზიდენტობის კვირას. მისი მტერი, "პიატნაშკას" მეთაური ახრა ავიძბა აფხაზეთში ჩავიდა, როგორც თავად ამბობს, „ხალხთან ახლოს“ ჩავიდა.
2020 წლის იანვარში სწორედ ავიძბა ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის სასახლის შტურმს.
მესამე დღეა აფხაზურმა ოპოზიციამ ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში სამთავრობო შენობების კომპლექსი დაიკავა.
ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობაა. მიზეზი საინვესტიციო ხელშეკრულებაა, რომელმაც რუსულ ბანკებსა და კორპორაციებს აფხაზეთში პრივილეგიები უნდა მისცეს.
მაგრამ ზოგი ამტკიცებს, რომ აფხაზები ქუჩაში ქართული გავლენის გაძლიერების შიშმა გამოიყვანა და ეს შიში რეალურია.
“ჩვენ ვართ გაუმაძღარი ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზეთშიც და რუსეთშიც ბლომად არიან” - ამბობს აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ასლან ბარციცი ვიდეოში, რომელიც რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა.
ვიდეო 15 ნოემბერს სოხუმში, ე.წ. პარლამენტის შენობასთანაა გადაღებული, სადაც რამდენიმე ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა.
ვრცლად აქ: "დიდი ვაჭრობა ბიძინა ივანიშვილთან" - აფხაზების სიჯიუტემ მოსკოვი გააღიზიანა
ფორუმი