ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის ჩასატარებლად მისულ ქალებს ცესკოს შენობასთან დახვდათ რკინის ბარიერები და მობილიზებული პოლიცია, რომელიც მათ საარჩევნო ადმინისტრაციის ეზოსა და შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. ქალებს, რომელთა შორის არიან პოლიტიკოსებიც, სურდათ ცესკოსთვის ინდივიდუალური საჩივრებით მიემართათ. ამ საჩივრებით ისინი უკვე ჩატარებული არჩევნების გაუქმებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ხმის ფარულობის უფლება 26 ოქტომბერს ამომრჩევლის გარანტირებული უფლება არ აღმოჩნდა.
"ჩვენ აქ მოვედით სამართლებრივი პროტესტის დასაფიქსირებლად. განცხადებები უნდა შეგვეტანა ცესკოში, ვინაიდან დაირღვა ხმების ფარულობის პრინციპი. ვითხოვდით არჩევნების გაუქმებას და ახალი არჩევნების დაგეგმვას. ყველა დამნაშავეს ეშინია მოწმეების, ჩვენ ვართ მათი დანაშაულის მოწმეები და ამიტომაც გვებრძვიან ასე. არ გამოუვათ", - უთხრა ცესკოს შენობასთან რადიო თავისუფლებას პოლიტიკოსმა ანა ნაცვლიშვილმა. ის პარტია "ლელოს" წარმოადგენს.
შეხლა-შემოხლის რამდენიმე ეპიზოდის და რკინის ჯებირზე გადასვლის მცდელობების შემდეგ, დაცვამ ცესკოს ეზოს კარი გახსნა, თუმცა აქციის მონაწილეებმა საჩივრების ჩასაბარებლად შენობაში შესვლა მაინც ვერ მოახერხეს.
"ცესკო რეალურად ამ გაყალბების მთელ პროცესში იყო მთავარი ინსტრუმენტი ხელისუფლებისთვის. მოსულები ვიყავით განცხადებების დასაწერად და ჩასაბარებლად, რასაც, ბუნებრივია, არ ექნებოდა რეაგირება, მაგრამ ეს იქნებოდა სამართლებრივი პროტესტი. წარმოუდგენელი პასუხი მივიღეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პოლიციისგან - მოგვაქციეს სრულ ალყაში, იზოლაციაში, მხოლოდ ხმაურის შემდეგ გახსნეს კარები, მაგრამ ჩვენ მანქანებს კიდევ არ უშვებენ, სადაც გვაქვს ხმის გასაძლიერებლები. ხელისუფლება, რომელიც იგებს, მას პროტესტის არ ეშინია, ეს არის წაგებული ხელისუფლების საქციელი", - უთხრა ცესკოს ეზოში რადიო თავისუფლებას კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა ანა გოგოლაძემ. ის პარტია "ახალს" წარმოადგენს.
საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ცესკოს შენობა სტრატეგიული დანიშნულების შენობების სიაში შევიდა. მისი პიკეტირება და ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება და ამ დანაშაულში ბრალდებული ადამიანი პატიმრობით ისჯება.
უფრო ადრე, 10 ოქტომბერს, მთავრობამ ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, ცესკოს შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილს რკინის ჯებირი შემოარტყეს. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა 17 აგვისტოს გაავრცელა.
ცესკოში აქციის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით დაწერილი სარჩელების განხილვა.
ფორუმი