აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელი კანონმდებელი ელის სტეფანიკი დაასახელა გაეროში ელჩის პოსტზე.
მედიაში 11 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ამბობს, რომ სტეფანიკი - რომელიც ნიუ-იორკიდანაა წარმომადგენელთა პალატაში - ამ პოზიციაზე მუშაობისას აშშ-ის ინტერესებისთვის იბრძოლებს.
ელის სტეფანიკი 40 წლისაა, ის ტრამპის მხარდამჭერია. სტეფანიკს საპასუხო განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადა გამოირჩეოდა გაეროსთვის დაფინანსების შეკვეცით და ორგანიზაციაზე სიტყვიერი თავდასხმებით. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანიის წარმოებისას, ტრამპს ბევრი დეტალი არ დაუკონკრეტებია თავის საგარეო პოლიტიკურ გეგმებზე, მათ შორის გაეროსთან მიმართებით, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტრამპი მეორე ვადის პერიოდშიც გააგრძელებს გაეროს და მისი მთავარი სააგენტოების, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შემცირებას.
თუ ოფიციალურად წარადგენენ, სტეფანიკს თანამდებობაზე დამტკიცებისთვის სენატის მხარდაჭერა დასჭირდება - რაც მოსალოდნელია, რადგან სენატს ახლა რესპუბლიკელები აკონტროლებენ.
ფორუმი