Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიკოსების თქმით, სულ მცირე 40 პალესტინელი დაიღუპა ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად


კაცს ხელში უჭირავს ჯაბალიაში ისრაელის თავდასხმის შემდეგ მოკლული ბავშვის ცხედარი. 10 ნოემბერი, 2024 წელი. სულ ამ თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა
კაცს ხელში უჭირავს ჯაბალიაში ისრაელის თავდასხმის შემდეგ მოკლული ბავშვის ცხედარი. 10 ნოემბერი, 2024 წელი. სულ ამ თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე, 40 პალესტინელი დაიღუპა კვირას ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად. მათგან ორი ათეული ემსხვერპლა დარტყმას, რომელიც ისრაელის არმიამ მიაყენა საცხოვრებელ შენობას ჩრდილოეთ ქალაქ ჯაბალიაში, განაცხადეს პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და ადამიანის უფლებათა ჯგუფმა.

ღაზის პალესტინის ადამიანის უფლებათა ცენტრმა (PCHR) განაცხადა, რომ სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, როდესაც ისრაელის დარტყმამ გაანადგურა სამსართულიანი შენობა ჯაბალიაში გამთენიისას. ოცდაათი ადამიანი მიმდებარე სახლებიდან დაიჭრა, ნათქვამია PCHR-ის განცხადებაში.

ქალაქ ღაზაში, 10 ნოემბერს ისრაელის საჰაერო თავდასხმამ საბრას რაიონში მდებარე სახლზე, მოკლა ვაელ ალ-ხური, კეთილდღეობის სამინისტროს თანამდებობის პირი, ასევე მისი მეუღლე, ერთი ვაჟი, ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი, იტყობინებიან სამედიცინო მომსახურე პერსონალი და ნათესავები.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ანგარიშს იკვლევენ.

უფრო ადრე, ქალაქ ღაზის ალ-აჰლის საავადმყოფოს დირექტორმა, ფადელ ნაიმმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის ცხრა ქალია და რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მისი თქმით, ისინი დაიღუპნენ ერთ-ერთ სახლზე თავდასხმის დროს ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში, სადაც ისრაელი უკვე თვეზე მეტია, შეტევებს ახორციელებს.

ბოლო თვის განმავლობაში, ისრაელის ძალებმა ალყა შემოარტყეს და დიდწილად იზოლაციაში მოაქციეს ჯაბალია და ახლომდებარე ქალაქები - ბეით-ლაჰია და ბეით-ჰანუნი, და ჰუმანიტარული დახმარების მხოლოდ მცირედ ნაწილს უშვებენ. ათობით ათასი ადამიანი გაიქცა ახლომდებარე ქალაქ ღაზაში.

ღაზის ჯანდაცვის უწყების 9 ნოემბრის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული ორგანიზაცია) თავდასხმისას ისრაელის სამხრეთზე 1200 პირი დაიღუპა და 250 გაიტაცეს, ისრაელის საომარი მოქმედების შედეგად პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, სულ მცირე, 43 552 ადამიანი დაიღუპა და 102 ათასზე მეტი დაშავდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG