Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ტრამპს გამარჯვებას ულოცავს და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს


ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მისალოც ტექსტს კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს.

„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ საქართველოსთვის ძლიერი აშშ-ის მხარდაჭერა ახლა მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს.

„გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო დონალდ ტრამპ. ძლიერი აშშ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი 33 წლის განმავლობაში, ახლა გვჭირდება, როგორც არასდროს, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერად, რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის დასაცავად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი იმარჯვებს. დემოკრატიული პარტიიდან მისი მეტოქეა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან, სულ მცირე, 270 ხმა.

„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში „უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება“.

„შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით“, - თქვა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 22 ივლისს.

ტრამპის გამარჯვება უკრაინაში ომის დასრულების კონტექსტში ახსენა ბიძინა ივანიშვილმა 16 ივლისს, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიებაზე. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თქმით, უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ აშშ-სა და ევროკავშირის საქართველოსთან კონფლიქტზე აღქმა და ქვეყნის მიმართ ინტერესები შეიცვლება.

„გლობალური ომის პარტია სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენით დღევანდელ ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე, რაც ქართულ საზოგადოებაში ქმნის განცდას, რომ საქართველოს კონფლიქტი აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს, თუმცა, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ინტერესები შეიცვლება და ეს აღქმაც მყისიერად გაქრება“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG