Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩივრები არჩევნებზე, დავა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 ნოემბერს დაიწყო საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა.

12:33 7.11.2024

„არ არის საჭირო მიმიკები“, - ასე მიმართა საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს, მას შემდეგ, რაც ქურდოვანიძემ სასამართლოს მოუწოდა არ გამორიცხოს მტკიცებულებათა სიიდან თეთრიწყაროს სასამართლოში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები.

„არ უნდა გამოირიცხოს თეთრიწყაროს ექსპერიმენტი. ის იყო სპონტანური და სხვადასხვა ადამიანები მონაწილეობდნენ. თეთრიწყაროს სხდომის ოქმში, ისმის - მოსამართლე ეკითხება: ხომ ყველამ დაინახეთ გაფერადებული წრე? ყველა თავს უქნევს და ეს არ უნდა ჩანაცვლდეს ახლით“ - თქვა ქურდოვანიძემ, რასაც მოსამართლე გვრიტიშვილის რეპლიკა მოჰყვა:

„თქვენ თქვით თავს უქნევენ, ამ საქმეში ვიდეომტკიცებულებით ეს წარმოდგენილი არ არის და თავის ქნევას ვერ წავიკითხავთ“.

ნონა ქურდოვანიძემ დააზუსტა, რომ ეს კადრები „ტელევიზიით გადაიცა და ყველამ დაინახა“.

13:04 7.11.2024

ცესკო საქმეს მტკიცებულებად პოსტვ-ზე გამოქვეყნებულ ქარდს ურთავს, იმის დასასაბუთებლად, რომ თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა გადაწყვეტილების მიღებისას ობიექტური ვერ იქნებოდა.

„მოსამართლის აცილების საფუძველი არსებობს, მტკიცებულებად დავურთეთ საქმეს, მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც პოსტვ-ზე ვნახეთ, ახლაც არის პოსტი (გულისხმობს პოსტს, სადაც ვლადიმერ ხუჭუას ცოლს „რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად“ მოიხსენიებენ.) ამის მერე გავიგეთ, მოვიპოვეთ მტკიცებულება. მანამდე ვერ იქნებოდა ცნობილი, წინასწარ არ ვიცოდით და ამის შემდეგ მიუკერძოებლობაში ეჭვი შევიტანეთ", - ამბობს ცესკოს წარმომადგენელი.

13:04 7.11.2024

სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა. მათ არ უთქვამთ დრო, როდის გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას, თუმცა ითქვა, რომ ამის შესახებ მხარეებს ეცნობებათ.

13:06 7.11.2024

მოსამართლეებმა მხარეებს მოცდა სთხოვეს, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება დღესვე გამოცხადდება.

სასამართლო ვალდებულიცაა იჩქაროს, რადგან საარჩევნო დავებზე განხილვის ვადა შეზღუდულია და 48 საათს შეადგენს. ვადები ყველა დათვლით დარღვეულია, რაც ამყარებს ვარაუდს, რომ კოლეგია მეტს აღარ დაიგვიანებს.

საქმეების განხილვა სააპელაციოში 6 ნოემბერს 15:30 დაიწყო და 7 ნოემბერს 13:00-ზე დასრულდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG