Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩივრები არჩევნებზე, დავა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 ნოემბერს დაიწყო საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა.

13:04

სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა. მათ არ უთქვამთ დრო, როდის გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას, თუმცა ითქვა, რომ ამის შესახებ მხარეებს ეცნობებათ.

13:04

ცესკო საქმეს მტკიცებულებად პოსტვ-ზე გამოქვეყნებულ ქარდს ურთავს, იმის დასასაბუთებლად, რომ თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა გადაწყვეტილების მიღებისას ობიექტური ვერ იქნებოდა.

„მოსამართლის აცილების საფუძველი არსებობს, მტკიცებულებად დავურთეთ საქმეს, მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც პოსტვ-ზე ვნახეთ, ახლაც არის პოსტი (გულისხმობს პოსტს, სადაც ვლადიმერ ხუჭუას ცოლს „რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად“ მოიხსენიებენ.) ამის მერე გავიგეთ, მოვიპოვეთ მტკიცებულება. მანამდე ვერ იქნებოდა ცნობილი, წინასწარ არ ვიცოდით და ამის შემდეგ მიუკერძოებლობაში ეჭვი შევიტანეთ", - ამბობს ცესკოს წარმომადგენელი.

12:33

„არ არის საჭირო მიმიკები“, - ასე მიმართა საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს, მას შემდეგ, რაც ქურდოვანიძემ სასამართლოს მოუწოდა არ გამორიცხოს მტკიცებულებათა სიიდან თეთრიწყაროს სასამართლოში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები.

„არ უნდა გამოირიცხოს თეთრიწყაროს ექსპერიმენტი. ის იყო სპონტანური და სხვადასხვა ადამიანები მონაწილეობდნენ. თეთრიწყაროს სხდომის ოქმში, ისმის - მოსამართლე ეკითხება: ხომ ყველამ დაინახეთ გაფერადებული წრე? ყველა თავს უქნევს და ეს არ უნდა ჩანაცვლდეს ახლით“ - თქვა ქურდოვანიძემ, რასაც მოსამართლე გვრიტიშვილის რეპლიკა მოჰყვა:

„თქვენ თქვით თავს უქნევენ, ამ საქმეში ვიდეომტკიცებულებით ეს წარმოდგენილი არ არის და თავის ქნევას ვერ წავიკითხავთ“.

ნონა ქურდოვანიძემ დააზუსტა, რომ ეს კადრები „ტელევიზიით გადაიცა და ყველამ დაინახა“.

12:32

მტკიცებულებების შესწავლის ეტაპზე საია ყურადღებას ამახვილებს მტკიცებულებებზე, რომელიც ფარულობის დარღვევას ადასტურებს.

„ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დატესტვის დროს ცესკოს სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზეც ბიულეტენის უკან დატოვებულია კვალი. ცესკომ დაუდასტურა საია-ს, რომ ბიულეტენი შეიცვლებოდა არჩევნების დღეს და ფარულობა დაცული იქნებოდა“, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე და ამის შემდეგ წარადგენს მტკიცებულებებს, რომელიც დაპირების საპირისპიროს აჩვენებს.

მის სარჩელს მტკიცებულებად დართული აქვს ტელეკომპანია ფორმულასა და რადიო თავისუფლების ვიდეოები, რომლებშიც ხმის მიცემის პროცესია ასახული და ნონა ქურდოვანიძის თქმით, ჩანს უკანა მხრიდან ვინაა გაფერადებული.

საია-ს არგუმენტია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ გაუწია ადმინისტრირება არჩევნებს ისე, რომ არ დარღვეულიყო ფარულობის უფლება. საია ყველა იმ უბნის ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა.

„სადავოდ ვტოვებთ ნაწილს, რომ ცესკოს ექსპერტები, რომლებიც მთელი წელი ასწავლიდნენ როგორ უნდა გამოყენებულიყო კონვერტი და ბიულეტენი, ისინი წარმოდგენილები იყვნენ სასამართლოში ექსპერიმენტისას, როგორც რიგითი სტატისტიკური ამომრჩეველი. ამიტომ აქ ჩაწერილი ვიდეო ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად. ამას გარდა, მოსამართლე (დიმიტრი გვრიტიშვილი) აცურებდა ბიულეტენს და ყველამ დაინახა, რომ შეცურების დროს უკან ჩანდა გაფერადებული წრე, ეს უნდა დაერთოს მტკიცებულებად და არა ექსპერიმენტი, რომელშიც ცესკოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა“, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG