Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილმა განმარტა, პრეზენტაციაზე გამოყენებულ საქართველოს რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მკვეთრად რატომ არ ჩანდა


პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამართული პრეზენტაცია
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამართული პრეზენტაცია

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ დელეგატების მონაწილეობის შესახებ საუბრისას, მან პრეზენტაციაზე ელექტრონულად აჩვენა საქართველოს რუკა და თქვა, რომ ოცდაათივე საარჩევნო ოლქში ჰყავდათ დელეგატები, რომლებმაც მოსახლეობასთან შეხვედრები ჩაატარეს. ამ ინფორმაციის ვიზუალურად გადმოსაცემად, პაპუაშვილმა „სლაიდზე“ აჩვენა საქართველოს რუკა, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - ძნელად აღსაქმელი იყო.

პაპუაშვილმა შემდეგ „სლაიდზე“ წარმოადგინა „ცარიელი ფურცელი“, რომელიც, მისი თქმით, ოპოზიციის დელეგატების მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებს ასახავდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ ოპოზიციას დელეგატები არ ჰყავდა, შესაბამისად, ისინი არც მოსახლეობას არ შეხვედრიან.

შალვა პაპუაშვილის მიერ გამართული პრეზენტაცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში
შალვა პაპუაშვილის მიერ გამართული პრეზენტაცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში

ელექტრონულ რუკას, რომელზეც ადვილად აღქმადი არ იყო საქართველოს მთელი ტერიტორია, უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა სოციალურ ქსელში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2020 წელს შესული შესწორების თანახმად კი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის გამოყენება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 343​ (1). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საგანს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის ნებაყოფლობით ჩაბარებად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით განაცხადებს აღნიშნული საგნის წარდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით შეუწყობს ხელს მის ამოღებას. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

ჯერ კიდევ ბრიფინგის დასრულებამდე, პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განმარტა, პრეზენტაციაზე რატომ გამოიყენა რუკა, რომელმაც კითხვები გამოიწვია.

„სკრინი“ შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციიდან. საქართველოს რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები მკრთალად ჩანს.
„სკრინი“ შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციიდან. საქართველოს რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები მკრთალად ჩანს.

ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა: „[რუკაზე] დროებით ოკუპირებული ტერიტორიები არ არის გამუქებული. ამ ყველაფერმა კითხვები გააჩინა, ვინაიდან ამ რუკაზე აღიქმება, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე არის მოცემული ეს რუკა. ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების ამსახველი ელექტრონული რუკაა. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სოციალურ ქსელში საზოგადოების რეაქციას. გარდა ამისა, ამ ტიპის რუკის გამოყენება კანონითაც ისჯება. რატომ გადაწყდა ასეთი რუკის გამოყენება?“

შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს შეკითხვა შეუბრუნა. „გაფიცებთ, ვინ მოგწერათ ეს კითხვა? - ამის შემდეგ კი პაპუაშვილმა სადავო რუკის შესახებ ილაპარაკა, - როგორც იცით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნებს ვერ ვატარებთ და შესაბამისად, დელეგატებიც არ არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ აქ არის ის საარჩევნო ოლქები, სადაც დელეგატები იყვნენ წარმოდგენილები და სადაც ჩატარდა არჩევნები. საქართველოს სრულ ტერიტორიაზე, ოკუპაციის გამო, არჩევნები ვერ ტარდება. თუკი ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მათ მოვუწოდებ, რომ დააკვირდნენ - საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, რუხი ფერით არის გამოსახული, მის გარშემო, არასაქართველოს ტერიტორიები არის თეთრი ფერით. ესეც აჩვენებს, რა სამარცხვინო ხალხთან გვაქვს საქმე. ვინც ამას აკეთებს, უბრალოდ ამ ქვეყნის შვილები არ არიან, ჩემი შეფასებით“.

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მთელ მსოფლიოში ამ დრომდე მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ გაიზიარა: ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. გარკვეული დროით, აღიარების გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ ვანუატუსა და ტუვალუს, მაგრამ შემდეგ გააუქმეს. ცხინვალსა და სოხუმში ამ ფაქტს არ აღიარებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG