Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს "ძლიერ შემაშფოთებელს" უწოდებს


ჟოზეპ ბორელი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი
ჟოზეპ ბორელი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი განცხადებით ეხმაურება საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს და "არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს" "ძლიერ შემაშფოთებელს" უწოდებს.

ბორელის განცხადებით, "საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ასევე არჩევნების დღეს. მათ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ".

"მე ვითხოვ გამჭვირვალე გამოძიებას. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრას სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად", - ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

მისი სიტყვებით, საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, "თავისი ერთგულება უნდა აჩვენოს ევროპული ღირებულებებისადმი, საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით დაწყებული. კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნები და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი".

განცხადების თანახმად, ჟოზეპ ბორელმა "პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეკრება" სთხოვა, ეს საკითხი ასევე შეიტანა საგარეო საქმეთა საბჭოს ნოემბრის სხდომის დღის წესრიგში.

"საქართველოს ხალხი თვეების განმავლობაში ახდენს დემოკრატიული ღირებულებებისადმი და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლისადმი ერთგულების დემონსტრირებას. ის იმსახურებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სიცხადეს, რათა ჰქონდეს შემდეგი მთავრობის ლეგიტიმურობის რწმენა", - ნათქვამია ბორელის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, "მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაგირება დარჩეს მშვიდობიანი. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს და სრულიად შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც ქმნიან პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას".

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

  • „ქართული ოცნება“ - 53,931%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

26 ოქტომბრის არჩევნებს მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა დასავლეთის სახელმწიფოებისგან. შვედეთმა უკვე მიიღო საქართველოსთან ოფიციალური თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება.

„ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნები შედგა, რაც ეუთო/ოდირის მისიამაც დაადასტურა.

„გამოვეხმაურები საერთაშორისო შეფასებებს. შეგვიძლია ჩვენ ამ შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით", - განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG