Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების განახლებული წინასწარი შედეგები


26 ოქტომბრის არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
26 ოქტომბრის არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ(უსკო) დღეს, 27 ოქტომბერს, გამოაქვეყნა უმაღლესი საბჭოს არჩევნების განახლებული წინასწარი შედეგები. 26 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებთან შედარებით, მმართველი პარტიის შედეგი მცირედით გაზრდილია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატის ასარჩევად 5%-იანი ბარიერი გადალახა არჩევნებში მონაწილე 11-დან ხუთმა სარჩევნო სუბიექტმა.

უსკოს მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით ხმები ასე განაწილდა:

„ქართული ოცნება” – 109 718 ხმა(57.38%) 12 მანდატი;

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” – 27 300 ხმა(14.28%) 3 მანდატი;

„გახარია საქართველოსთვის” – 16 516 ხმა(8.64%) 1 მანდატი;

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა” – 16 080 ხმა(8.41%) 1 მანდატი;

„ძლიერი საქართველო-ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის!” – 12 072 ხმა(6.31%) 1 მანდატი.

სამი გაუნაწილებელი მანდატი თანაბრად განაწილდება პირველ სამ ადგილზე მყოფ საარჩევნო სუბიექტებზე.

ეს მონაცემები ეფუძნება რეგიონში გახსნილი 317 უბნიდან 315-ის შედეგებს.

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ ორ უბანზე, საიდანაც მონაცემები ჯერჯერობით არ მიუღიათ, ტექნიკური პრობლემა იყო, თუმცა უკვე გამოცხადებული წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, არ შეიცვლება.

რადიო თავისუფლებამ უსკოში დააზუსტა, რომ ეს ორი უბანი ხელვაჩაურის 83-ე საარჩევნო ოლქის 37-ე და 38-ე უბნებია, სადაც არჩევნები ე.წ. ძველი წესით ჩატარდა. საარჩევნო ადმინისტრაციის თანახმად, ტექნიკური პრობლემა, რომელიც მოგვარებულია, უკავშირდებოდა ბიულეტენების გაციფრულებას და პროცესი ახლა მიმდინარეობს.

აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად. რეგიონის 317-დან 251 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, 66-ზე კი - ტრადიციული წესით.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საჩივრების განხილვის ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, არჩევნების საბოლოო შედეგებს 21 ნოემბერს შეაჯამებს და შესაბამის ოქმს გამოაქვეყნებს.

26 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, უსკომ განაცხადა, რომ ბათუმის საოლქო კომისიაში იყო 78 საჩივარი, ქედაში -1, ქობულეთში - 7, შუახევში - 3, ხელვაჩაურში - 6 და ხულოში - 6.

უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

უმაღლესი საბჭო აირჩევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.

აჭარის ამჟამინდელ, 2020 წელს არჩეულ უმაღლეს საბჭოში უმრავლესობაში „ქართული ოცნების“ წევრები არიან. მმართველი პარტიის გარდა, საბჭოში ფრაქცია აქვს ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობას“.

ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ, ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG