„სქემა იყო ასეთი: უნდა მოესყიდათ ვინმე „ქართული ოცნების“ რიგებიდან, ვისაც გადაუხდიდნენ ფულს, რომელიც სხვას დაარწმუნებდა ან თვითონ გააკეთებდა - ჩაყრიდა ან შეაცურებდა ბიულეტენებს და ამას შემდეგ ვინმე გადაიღებდა „ნაცმოძრაობიდან“ და გავრცელდებოდა...“ - თქვა მდინარაძემ.
მისი ინფორმაციით, ბიულეტენები „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ჩაყარა. მდინარაძემ დადო პირობა, რომ იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება დამნაშავე, ის დაისჯება:
„თუ ეს კადრები ნამდვილია, პირობას ვაძლევ, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი იქნება თუ სხვისი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, დაისჯება უმკაცრესად. წარმოუდგენელია, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი და ასე ყრიდეს ბიულეტენებს... ეს არის სპეციალურად გაკეთებული. იქ მონაწილეობას იღებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი სარჩევნო უბანზე... ის იღებს მონაწილეობას ქვეყნის არევის გეგმაში, კადრები რომ გავრცელდეს და შემდეგ ლეგიტიმაციის პრობლემები იყოს“...
დაახლოებით ერთი საათის წინ, 12:30 საათზე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, როგორ ყრიდა ერთი კაცი მარნეულის #69-ე უბანზე რამდენიმე ბიულეტენს ერთდროულად.
მოგვიანებით ცესკომ ამ უბნის დახურვის შესახებ განკარგულება გამოსცა.
არჩევნები 2024
26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.
პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.
ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.
ე.წ. ძველი წესით, ანუ სასურველი ერთი პარტიის ნომრის შემოხაზვით ხმას აძლევს ამომრჩევლების 10%. ეს ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაციფრულდება.
- 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია;
- ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმას მისცემს 3 113 747;
- გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია;
- უცხოეთის სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებშია 95 910 ამომრჩეველი;
- გახსნილია 3 111 საარჩევნო უბანი, მათგან საქართველოში 3 044 უბანი (მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი - 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში);
- საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანია;
- ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე; ტარდება. დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, რომელიმე ელექტრონული აპარატის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა მინიმალურია, თუმცა, შემუშავდა რისკების პრევენციისა და მართვის დოკუმენტი და მთავარია, რომ არცერთ შემთხვევაში კენჭისყრა არ შეწყდება.
საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისთვის რიგში დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ.
ფორუმი