Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

13:37

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ (ISFED) საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებისკენ მოუწოდა. პაპუაშვილმა თქვა, რომ ორგანიზაცია მონაცემებს მალავს.

„27 ოქტომბერს გადააცილეს [პარალელური დათვლის შედეგების] გამოქვეყნების დრო, გამეორდა 2020 წლის სცენარი, მაშინაც დააგვიანეს პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება. მათი მეთოდოლოგიით, ეუთოს ანგარიშამდე, 12:00 საათზე აქვეყნებენ შედეგებს და მაშინაც გადააცილეს. იმიტომ, რომ აყალბებდნენ პარალელური დათვლის შედეგებს და ვერ გადაეწყვიტათ რა შედეგები დაესვათ ზუსტად. წელსაც ISFED-ი ზუსტად იგივე სკანდალში გაეხვია, როგორც 2020 წლის გაყალბების სკანდალი იყო. მას შემდეგ, რაც მოიკითხა სხვადასხვა სუბიექტმა, რა ხდება პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით, მათ საბოლოოდ, 27 ოქტომბერს, გვიან ღამით გაავრცელეს განცხადება და თქვეს, რომ მათი დათვლის შედეგები ემთხვევა ცესკოს შედეგებს, თუმცა დანარჩენი დეტალები დამალეს და არ უნდათ, რომ საზოგადოებას აცნობონ. ამიტომ, მოვითხოვთ, ISFED-მა სრულად გაასაჯაროოს პარალელური დათვლის შედეგები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

14:25

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად ნატოს პრესსპიკერმა ფარა დახლალამ განაცხადა, რომ გამოძიებული უნდა იყოს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დემოკრატიული აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ნატო საქართველოს მოუწოდებს გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები.

"საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შენიშნა არათანაბარი პირობები, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგების მიმართ. არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები სრულად უნდა იქნეს გამოძიებული".

ნატოს სპიკერის განცხადებით "სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონები მნიშვნელოვანია მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის".

14:49

რუსეთი მტკიცედ უარყოფს მის მიმართ ბრალდებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მსგავს ბრალდებებს, მათ ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული ხასიათი აქვს, ლამის მყისიერად ადანაშაულებენ რუსეთს ჩარევაში. არა, ეს ასე არაა. არავითარი ჩარევა არ ყოფილა. ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლო ხასიათისაა“, - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის პასუხად.

არჩევნების შედეგების კომენტირებისას, მან თქვა, რომ „ეს ქართველი ხალხის არჩევანია“.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მესამე ქვეყანა ამ არჩევნებში არ ჩაერიოს, ქალბატონი პრეზიდენტი (სალომე ზურაბიშვილი) ამბობდა, რომ არ აღირებს არჩევნების შედეგებს, არ ვიცი შედის თუ არა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებში არჩევნების აღიარება ან არაღიარება“, - განაცხადა პესკოვმა.

„ნებისმიერ შემთხვევაში ეს შიდაქართული თემაა“, - დაამატა პუტინის პრესმდივანმა.

მანამდე პესკოვს არაერთხელ უთქვამს, რომ დასავლეთი ერევა საქართველოს არჩევნებში და არა რუსეთი.

16:01

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციაზე გასვლა სოციალურ ქსელში დააორგანიზეს. ისინი მსურველებს საკუთარ ავტომობილებს სთავაზობდნენ დედაქალაქში ტრანსპორტირებისთვის

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG