Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

22:06 27.10.2024

„ამ არჩევნების აღიარება არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის“ - სალომე ზურაბიშვილის განცხადება ბრიფინგზე

22:08 27.10.2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე არჩევნების შედეგების არაღიარებაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

"სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო. (მარტო ლავროვი შემიძლია ვაღიაროო). სცენარის მიხედვით ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. აბა ვნახოთ. p. s. არ ჩქარობენ", - წერს მდინარაძე ფეისბუქის გვერდზე.

22:23 27.10.2024

საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. ის, წერს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შეტანას გეგმავენ.

მიშელმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის ორგანოებს საარჩევნო დარღვევების შესწავლისკენ მოუწოდა.

„ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ეუთო/ODIHR-ის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა რომ სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.

ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა იყოს გამოკვლეული და აღმოფხვრილი. ჩვენ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ, რომ აჩვენოს თავისი მტკიცე ერთგულების დემონსტრირება ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით, ასევე ევროკომისიის ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად“, - დაწერა შარლ მიშელმა.

22:57 27.10.2024

საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ევროპელი და ამერიკელი ლიდერები გამოხატავენ წუხილს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო და მათ შესწავლას მოითხოვენ. უკვე გამოითქვა ვარაუდები რუსეთის ჩარევასა და არჩევნების გაყალბებაზე.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს “ყურადღებით შეისწავლოს [საქართველოში ჩატარებული] არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ბრალდებები და თუკი დადასტურდება [ისინი], გააკეთოს მკაფიო განცხადება“.

საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული დოკუმენტის - MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორის განცხადება ჰელსინკის კომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. კონგრესმენი ლაპარაკობს “სისტემური ძალადობის შესახებ“ ბრალდებებზე. ტექსტის თანახმად, განცხადებები ნდობას იმსახურებს, რუსეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობები კი კარგად არის დოკუმენტირებული.

“ჩვენი “მეგობარი აქტი” [MEGOBARI] მიზნად ისახავს მათ დასჯას, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ხალხის მისწრაფებას თავისუფლებისკენ და სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას”, - წერია კონგრესმენ უილსონის განცხადებაში.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG