დილის 9 საათისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 3088 უბნის (99.261%) წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.
პარტიების მონაცემები ასეთია:
- „ქართული ოცნება“ - 54,234%;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 10,822%;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 10,105%;
- „ძლიერი საქართველო“ - 8,758%;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 7,753%;
- „გირჩი“ - 3,004%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,45%
- „ლეიბორისტული პარტია“ - 0,728%
აპარატების დათვლის გარდა, საარჩევნო უბნებში მიმდინარეობს ხმების ხელით გადათვლის პროცედურები. ასევე ბიულეტენებს ითვლიან იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდა.
3 111 საარჩევნო უბნიდან 2 263 უბანი მოდერნიზებულია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი [ISFED] არჩევნები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს აჯამებს და როგორც უშუალოდ კენჭისყრის დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ 27 ოქტომბერს დღის 12:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მათ არ ნაკლებად აქვთ კითხვის ნიშნები შედეგების დათვლის პროცესთან, რომელმაც მნიშვნელოვანი დარღვევების და ხარვეზების გარეშე ჩაიარა, თუმცა თვლიან, რომ ამომრჩევლის თავისუფალი ნება არ იყო გამოვლენილი დაშინებისა და მოსყიდვის მასშტაბური მცდელობების გამო.
"ხმების პარალელური დათვლის მითოლოგიით, ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია მასშტაბური პრობლემები ხმების დათვლის დროს, თუმცა ორგანიზაცია კვლავ ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო გარემოს პერიოდში გამოვლენილმა ფაქტებმა და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფაქტებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების დღეზე და მის შედეგებზე. კენჭისყრის პროცესში შეინიშნებოდა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე" - თქვა ნინო დოლიძემ.
ISFED-ის დამკვირვებლებმა უშუალოდ 26 მაისს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე 200-მდე საჩივარი დაწერეს. ამ დღეს დაფიქსირებულ დარღვევებიდან ნინო დოლიძემ გამოყო:
- საარჩევნო უბნების 9% არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას.
- საარჩევნო უბნების 9%-ზე გამოვლინდა მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემები.
- რამდენიმე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა და მრავალჯერადად ხმის მიცემის ფაქტები;
- უბნების 32%-ზე აღირიცხებოდნენ ამომრჩევლები საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე.
- საარჩევნო უბნების 13%-ის გარე პერიმეტრზე ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებს.
გარდა ამისა, არჩევნების დღეს არაერთ უბანზე დამკვირვებლებს მუშაობა უწევდათ დაშინების, მათი უფლების შეზღუდვის, ძალადობის მუქარის ქვეშ, იყო შემთხვევები როცა დამკვირვებლები გახდნენ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის სამიზნეები. სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ დარღვევების ამ სპექტრმა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.
ფორუმი