ევროკავშირის ელჩი: წინ საქართველო, წინ!
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალურ გვერდზე ფეისბუკზე აქვეყნებს ფოტოს წარწერით: წინ საქართველო, წინ!
17:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის აქტივობა საპარლამენტო არჩევნებში 50.6%-ია, რაც იმას ნიშნავს რომ 1 768 816 ამომრჩეველმა უკვე მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
თბილისში დღის 5 საათისთვის უკვე თითქმის იმდენი ამომრჩეველი მივიდა, რამდენიც 2020 წელს მთელი დღის განმავლობაში
თბილისში დღის 5 საათისთვის 100 593-ით მეტი ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, ვიდრე 2020 წელს - პროცენტებში ეს 9%-იან სხვაობას ნიშნავს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დღის 17:00 საათისთვის ცესკოს ოფიციალური მონაცემებით თბილისში ხმა მისცა ამომრჩეველთა 52,42%-მა, წინა საპარლამენტო არჩევნებში ამ დროის აქტივობა იყო 43,8%.
ხმის მისაცემად თბილისში უკვე მივიდა 540 549 ამომრჩეველი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დღის ამ მონაკვეთში ხმა მიცემული ჰქონდა 439 956 მოქალაქეს.
2020 წელთან შედარებით წელს 27 790 ადამიანით არის გაზრდილი თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა.
საია აცხადებს, რომ მათ თანამშრომელს, გიორგი გოცირიძეს საარჩევნო უბანთან სცემეს
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აცხადებს, რომ მათ დამკვირვებელსა და თანამშრომელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი, ასევე უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ორგანიზაცია იუწყება, რომ უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა.
საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს მომხდარ ფაქტზე რეაგირება.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზეა სპეცრაზმისთვის განკუთვნილი ავტობუსები და სპეცტექნიკა. რამდენიმე ავტობუსი დგას პარლამენტის სიახლოვესაც.
საარჩევნო უბნები საღამოს 20:00 საათზე დაიხურება.
ფორუმი