Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

12:04 26.10.2024

რუსთავში საარჩევნო უბანზე სათვალთვალო კამერა დააფიქსირეს

კამერა რუსთავის მე-20 უბანზე
კამერა რუსთავის მე-20 უბანზე

რუსთავის ოლქის მე-20 საარჩევნო უბანზე ვიდეო სათვალთვალო კამერა დააფიქსირეს.

დამკვირვებლის, „თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტის“ ადგილობრივი დამკვირვებლის, ნუკრი რამიშვილის შედგენილი საჩივრის მიხედვით, საარჩევნო უბანზე შეუფუთავი ვიდეო კამერა იყო.

დამკვირვებელი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ კამერა კედელზე ისეთ სიმაღლეზე იყო დამონტაჟებული, რომ მთელი საარჩევნო უბნის და ხმის მიცემის პროცედურის ვიდეო გადაღება შეეძლო. თუმცა დააფიქსირებდა თუ არა უშუალოდ ამომრჩევლის არჩევანს, ეს მისთვის უცნობია.

საჩივრის მიხედვით, საუბნო კომისიის თვმჯდომარე უარს ამბობდა კამერის შეფუთვაზე, თუმცა მოგვიანებით შესაბამისი საჩივრის დაწერის შემდეგ, საქმეში საოლქო კომისია ჩაერია და კამერა შეფუთეს.

კამერა შეფუთეს
კამერა შეფუთეს

დამკვირვებლის ინფორმაციით, შეუფუთავი კამერა მე-20 უბანზე დილის 8 საათიდან 10:30 საათამდე იყო, - 2.5 საათის განმავლობაში.

დაზუსტებით უცნობია, კამერა იყო თუ არა ჩართული და ახდენდა თუ არა პროცესის ვიდეო ჩაწერას.

საჩივარი რუსთავის მე-20 უბანზე
საჩივარი რუსთავის მე-20 უბანზე

12:18 26.10.2024

გახარიას პარტია ფოთში „ოცნების“ სასარგებლოდ ფულის დარიგებაზე საუბრობს

ექსპრემიერი გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ფოთში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

„მოსყიდვის (ფულის დარიგების) ამსახველი ვიდეო, რომელიც ჩვენებმა გადაიღეს“, - წერს მეზვრიშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოში ჩანს, რომ მიკროავტობუსში შეკრებილი პირები, - სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, - მალავენ ლურჯი ფერის ცელოფანს.

„რა სიებით ხართ... სიები და თანხის მიცემა საარჩევნოდ“? - ეკითხება მათ ვიდეოს გადამღები.

„თანხა სად ნახე? ახლა ჭკუიდან არ გადამიყვანო. სია სულ სხვაა და თანხა, ახლა“...

კადრები ფოთში, სამეგრელოს ქუჩის 32 ნომერში, მე-17 უბანთანაა გადაღებული.

12:36 26.10.2024

მარნეულის 69-ე უბანზე მასობრივად ჩაყარეს ბიულეტენები - „ჩემი ხმა“

სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთობის, „ჩემი ხმის“ წარმომადგენლები, - ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია, - იუწყებიან, რომ მარნეულში კანონდარღვევა დააფიქსირეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მარნეულის 69-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრა ჩანს.

ნინო ლომჯარია კი წერს, რომ დამკვირვებელს, - რომელმაც ეს კადრები გადაიღო, - ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ უბანზე ძველი წესით აძლევენ ხმას და არა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ვიდეოში ჩანს, რომ პირი, რომელსაც წითელი ფერის სამკერდე ნიშანი უკეთია (სავარაუდოდ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების სტატუსით იმყოფებოდა უბანზე), რამდენიმე ქაღალდს ერთად აგდებს საარჩევნო ყუთში.

რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას რეპორტიორების დახმარებით.

12:48 26.10.2024

საია-ს დამკვირვებლების ცნობით, მარნეულში სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ორჯერ მისცა ხმა.

„საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, მარნეულის 35-ე უბანზე, პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” წარმომადგენელია, ორჯერ მისცა ხმა“, - განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტები:

  • გლდანის მე-13,
  • ისნის 41-ე,
  • წალენჯიხის მე-5,
  • ქუთაისის და ფოთის მე-13 უბნებზე.

ასევე - დიდუბის ოლქის 27-ე უბანზე რეგისტრატორების უკან იდგა უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი, რომელიც ამომრჩევლის პირად მონაცემებს ინიშნავდა.

„საიას დამკვირვებლისთვის საქმიანობაში ხელშეშლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა“, - აცხადებს ორგანიზაცია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG