Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024: აქტივობა 15:00 საათისთვის 41.62% -ია

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

15:31

საქართველოს პრეზიდენტი პოლიციას საარჩევნო უბნებზე ეფექტური მუშაობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც პოლიციას საარჩევნო უბნებზე ეფექტური მოქმედებებისკენ მოუწოდებს.

"პოლიციამ უნდა დააშოროს ძველი ბიჭების და ნარკომანების ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო უბნებიდან …

მეტი რეაგირება და დროული რეაგირება გევალებათ!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

მისი განცხადების ფონია ინფორმაციები კახეთის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მარნეულში, გლდანის საარჩევნო უბნებში დაძაბულობის შესახებ.

15:09

უყურეთ რადიო თავისუფლებას პირდაპირ ეთერში

თვალი ადევნეთ რადიო თავისუფლების საარჩევნო ეთერს, რომელსაც ამჟამად „დილის საუბრების“ წამყვანი, ჟურნალისტი ნინო გელაშვილი უძღვება:

14:59

საარჩევნო უბანთან ამომრჩევლის რიგებია გერმანიაში

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები ბერლინში მოწყობილი საარჩევნო უბნიდან, სადაც ამომრჩეველთა სიმრავლე და მწყობრი რიგია.

მოქალაქეები ხმის მისაცემად ბერლინში გერმანიის სხვა ქალაქებიდანაც მიდიან. ვრცელდება ფორო ჰამბურგიდან ბერლინში მიმავალი ქართველების, რომლებიც ერთი ავტობუსით და საქართველოს დროშებით მიდიან ხმის უფლების რეალიზაციისთვის.

ამომრჩეველთა სიმრავლეა ფრანკფურტში გახსნილ საარჩევნო უბანზეც.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 95 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნები ტარდება 42 ქვეყნის 53 ქალაქში.

საზღვარგარეთ გახსნილ ყველა უბანზე არჩევნები ძველი წესით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ტარდება - რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი პარტია უნდა შემოხაზონ გაფერადების ნაცვლად და კენჭისყრის შედეგებს აპარატების გარეშე, მხოლოდ კომისიის წევრები დაითვლიან.

14:49

ჟურნალისტებს თავს დაესხნენ კახეთში, სოფელ ქვემო ხოდაშენში

ტელეკომპანია „მთავარი არხის” კორესპონდენტი კახეთში ია გულიაშვილი „ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ადანაშაულებს პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და შეურაცხყოფაში. გულიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ინციდენტი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენის 16-ე საარჩევნო უბანთან მოხდა:

“უბანთან ახლოს რომ გავიარე ბევრი ხალხი შევნიშნე. როცა ხალხმრავლობის მიზეზის გარკვევა დავიწყე, ვნახე რომ საარჩევნო უბნიდან 5-6 მეტრში სუფრა იყო გაშლილი. ვიკითხე ვინ იყვნენ. კითხვის დასმამ ისინი ისე გააღიზიანა რომ ჩემს ოპერატორს კამერა წაართვეს, მე მიკროფონი გამომგლიჯეს და გადააგდეს”. ია გულიაშვილის თქმით, ეს პირები მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ტექნიკა დაიბრუნეს. გულიაშვილის თანახმად, 112-ში ორჯერ დარეკვის შემდეგ პოლიციელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ფაქტი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცეს.

ამ სოფელში ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ იუწყება ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძეც. როგორც ადგილზე მყოფი ჟურნალისტი, მარიამ მაქასარაშვილი იტყობინება ადგილიდან, ისინი ამ უბანზე იღებდნენ კანონდარღვევის ფაქტებს, საარჩევნო უბანთან სიებით მობილიზებულ კოორდინატორებს და ფულის გადახდის ფაქტებს და თავდასხმის მიზეზი სწორედ ეს გახდა. ტვ პირველის ცნობით, ქვემო ხოდაშენში თავდასხმის შედეგად განადგურებულია მათი კამერა, ნაცემია ოპერატორი - უბანზე პოლიცია გამოიძახეს.

ქვემო ხოდაშენში საარჩევნო უბანზე დაძაბულ მდგომარეობაზე იტყობინება "მთის ამბების" დამფუძნებელი, გელა მთივლიშვილიც.

"თელავში, ქვემო ხოდაშნის საარჩევნო უბანთან, სადაც ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, “ქართული ოცნების” მთვრალი წარმომადგენლები არიან მობილიზებული და უბანზე მუშაობას ვერ ვახერხებთ, უსაფრთხო არ არის, გვაგინებენ და საცემად იწევენ. ვერიდებით რომ არ დაგვარტყან, გამოვედით და 100 მეტრის ქვემოთ ვდგავართ" - წერს გელა მთივლიშვილი ფეისბუკზე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG