Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024: აქტივობა 20:00 საათისთვის 58,94%-ია

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

14:49

ჟურნალისტებს თავს დაესხნენ კახეთში, სოფელ ქვემო ხოდაშენში

ტელეკომპანია „მთავარი არხის” კორესპონდენტი კახეთში ია გულიაშვილი „ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ადანაშაულებს პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და შეურაცხყოფაში. გულიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ინციდენტი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენის 16-ე საარჩევნო უბანთან მოხდა:

“უბანთან ახლოს რომ გავიარე ბევრი ხალხი შევნიშნე. როცა ხალხმრავლობის მიზეზის გარკვევა დავიწყე, ვნახე რომ საარჩევნო უბნიდან 5-6 მეტრში სუფრა იყო გაშლილი. ვიკითხე ვინ იყვნენ. კითხვის დასმამ ისინი ისე გააღიზიანა რომ ჩემს ოპერატორს კამერა წაართვეს, მე მიკროფონი გამომგლიჯეს და გადააგდეს”. ია გულიაშვილის თქმით, ეს პირები მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ტექნიკა დაიბრუნეს. გულიაშვილის თანახმად, 112-ში ორჯერ დარეკვის შემდეგ პოლიციელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ფაქტი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცეს.

ამ სოფელში ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ იუწყება ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძეც. როგორც ადგილზე მყოფი ჟურნალისტი, მარიამ მაქასარაშვილი იტყობინება ადგილიდან, ისინი ამ უბანზე იღებდნენ კანონდარღვევის ფაქტებს, საარჩევნო უბანთან სიებით მობილიზებულ კოორდინატორებს და ფულის გადახდის ფაქტებს და თავდასხმის მიზეზი სწორედ ეს გახდა. ტვ პირველის ცნობით, ქვემო ხოდაშენში თავდასხმის შედეგად განადგურებულია მათი კამერა, ნაცემია ოპერატორი - უბანზე პოლიცია გამოიძახეს.

ქვემო ხოდაშენში საარჩევნო უბანზე დაძაბულ მდგომარეობაზე იტყობინება "მთის ამბების" დამფუძნებელი, გელა მთივლიშვილიც.

"თელავში, ქვემო ხოდაშნის საარჩევნო უბანთან, სადაც ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, “ქართული ოცნების” მთვრალი წარმომადგენლები არიან მობილიზებული და უბანზე მუშაობას ვერ ვახერხებთ, უსაფრთხო არ არის, გვაგინებენ და საცემად იწევენ. ვერიდებით რომ არ დაგვარტყან, გამოვედით და 100 მეტრის ქვემოთ ვდგავართ" - წერს გელა მთივლიშვილი ფეისბუკზე.

14:12

სალომე კენჭიაშვილი, "წყლის ჭავლთან მოცეკვავე" 2023 წლის მარტის აქციებიდან ამბობს, რომ თავს დაესხნენ საარჩევნო უბანზე

სალომე კენჭიაშვილი, "წყლის ჭავლთან მოცეკვავე" არასწულწლოვანი 2023 წლის მარტის აქციებიდან, ამბობს რომ თავს დაესხნენ თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე 23/24 საარჩევნო უბანზე, სადაც ის დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.

სალომეს მონათხრობით, მას თავს დაესხა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც როგორც დამკვირვებელი უსვამდა კითხვებს მისი სტატუსის შესახებ.

"მითხრა, წადი შენს საქმეს მიხედეო. ვუთხარი, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებდი და იმიტომ ვუსვამდი კითხვებს და დავიწყე ვიდეოს გადაღება. ხელი მკრა, მეც ფეხი ჩავარტყი, ისევ მკრა ხელი, გამოვიძახე პოლიცია და იმან აქეთ დამიძახა მოძალადე" - უყვება რადიო თავისუფლებას სალომე კენჭიაშვილი. ის არჩევნებს "სამოქალაქო ერთობის" სახელით აკვირდება. მან დღის 14 საათისთვის უკვე დატოვა ის უბანი, სადაც ინცინდენტი მოხდა და სხვა უბანზე გადადის კვლავ დამკვირვებლის სტატუსით.

13:57

13:22

ცესკოს თავმჯდომარე „შემაშფოთებელს“ უწოდებს ცნობებს მარნეულში ბიულეტენების ჩაყრაზე

მარნეულში ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს
მარნეულში ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ცნობები მარნეულში მომხდარ ინციდენტზე „შემაშფოთებელია“, თუმცა შემთხვევას „იზოლირებულს“ უწოდებს.

„ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია“, - ამბობს იგი.

„საარჩევნო ადმინისტრაცია, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, არ დაუშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა, იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რაც კენჭისყრის დღისთვის ჩავდეთ“, - განაცხადა მან.

კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა: „მინდა, მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება“.

მისი ინფორმაციითვე, შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამ ინციდენტზე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG