Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს
ლაივ ბლოგი მუდმივად განახლებადია - „დაარეფრეშეთ“ და ადევნეთ თვალი ახალ ამბებს

არჩევნები 2024 - ლაივბლოგი

რადიო თავისუფლების რეპორტიორები მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით და გაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.

13:09 26.10.2024

უყურეთ რადიო თავისუფლებას პირდაპირ ეთერში

თვალი ადევნეთ რადიო თავისუფლების საარჩევნო ეთერს, რომელსაც ამჟამად „დილის საუბრების“ წამყვანი, ჟურნალისტი ნინო გელაშვილი უძღვება:

13:08 26.10.2024

ხმაური და გინება ისანში

თბილისში, ისანში, მე-9 უბანთან დაპირისპირებაა.

ვიდეოში, რომელიც რადიო თავისუფლებას დამკვირვებელმა, ნატალია ყიფშიძემ მიაწოდა, ჩანს, რომ უბნის სიახლოვეს შეკრებილია ათობით ადამიანი და დაძაბულობაა.

დეტალები დაზუსტდება

12:48 26.10.2024

საია-ს დამკვირვებლების ცნობით, მარნეულში სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ორჯერ მისცა ხმა.

„საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, მარნეულის 35-ე უბანზე, პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” წარმომადგენელია, ორჯერ მისცა ხმა“, - განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტები:

  • გლდანის მე-13,
  • ისნის 41-ე,
  • წალენჯიხის მე-5,
  • ქუთაისის და ფოთის მე-13 უბნებზე.

ასევე - დიდუბის ოლქის 27-ე უბანზე რეგისტრატორების უკან იდგა უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი, რომელიც ამომრჩევლის პირად მონაცემებს ინიშნავდა.

„საიას დამკვირვებლისთვის საქმიანობაში ხელშეშლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა“, - აცხადებს ორგანიზაცია.

12:36 26.10.2024

მარნეულის 69-ე უბანზე მასობრივად ჩაყარეს ბიულეტენები - „ჩემი ხმა“

სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთობის, „ჩემი ხმის“ წარმომადგენლები, - ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია, - იუწყებიან, რომ მარნეულში კანონდარღვევა დააფიქსირეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მარნეულის 69-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრა ჩანს.

ნინო ლომჯარია კი წერს, რომ დამკვირვებელს, - რომელმაც ეს კადრები გადაიღო, - ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ უბანზე ძველი წესით აძლევენ ხმას და არა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ვიდეოში ჩანს, რომ პირი, რომელსაც წითელი ფერის სამკერდე ნიშანი უკეთია (სავარაუდოდ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების სტატუსით იმყოფებოდა უბანზე), რამდენიმე ქაღალდს ერთად აგდებს საარჩევნო ყუთში.

რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას რეპორტიორების დახმარებით.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG