10:00 საათისთვის აქტივობა 9.27%-ია | 2020 წელს 8.33% იყო
10:00 საათისათვის აქტივობამ 9.27% შეადგინა.
წინა, 2020 წლის არჩევნებში 8.33% იყო, - წლევანდელი მაჩვენებელი მეტია.
დღევანდელი მონაცემები ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა გააცნო საზოგადოებას 11:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე.
ლაგოდეხში კაბინაში მყოფმა ამომრჩეველმა ფოტო გადაუღო ბიულეტენს
რადიო თავისუფლების რეპორტიორის ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის მე-17 საარჩევნო უბანზე კაბინაში მყოფმა ამომრჩევლმა ბიულეტენს ფოტო გადაუღო.
მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანახმად, მათ ორი ასეთი ფაქტი დააფიქსირეს;
პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ ამომრჩეველს ტელეფონით გადაღებული ფოტო წააშლევინა, მეორემ კი ფოტოს წაშლაზე უარი თქვა.
მე-17 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე სარხან ალახვერდიევმა რადიო თავისუფლებას ფაქტი დაუდასტურა, თუმცა ნაწილობრივ - თქვა, რომ ფოტოს გადაღების მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო და ამომრჩეველს ეს ფოტო წააშლევინა.
ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილმაც
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში ხმა მისცა.
„მინდა, მივმართო საზოგადოებას, გამოვიდნენ არჩევნებზე“, - თქვა მან.
„ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს“, - მიმართა მან საზოგადოებას.
„სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას და რომელიც დღეს პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში“, - გაიმეორა მან.
ზუგდიდში ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ანა ნაცვლიშვილი, „ლელო“
„ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ზუგდიდში მათს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„სასწრაფოდ მოვითხოვთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას და არ დავტოვებთ არც ერთ დარევას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამბის დეტალები დაზუსტდება.
ფორუმი