მთავრობების და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით 1 მილიარდ დოლარამდე თანხა შეგროვდა ლიბანში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად იმ ფონზე, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს განაგრძობდა და აცხადებდა, რომ ვაშინგტონი ღაზის სექტორსა და მეზობელ ლიბანში ომის დასასრულებლად "სხვადასხვა შესაძლებლობას" განიხილავს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, 24 ოქტომბერს პარიზში გამართულ კონფერენციაზე შეგროვდა 800 მილიონი დოლარი იმ ასიათასობით ადამიანის დასახმარებლად, რომლებიც ლიბანში უსახლკაროდ დარჩნენ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ომის შედეგად.
ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს აშშ, ხოლო ევროკავშირს "შავ სიაში" შეყვანილი ჰყავს მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს. ჰეზბოლა აკონტროლებს სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს.
კონფერენციის მონაწილეები გამოვიდნენ კიდევ 200 მილიონი დოლარის გაღების პირობით ლიბანის შეიარაღებული ძალების (LAF) დასახმარებლად - ეროვნული უსაფრთხოების ძალებისა, რომლებიც მონაწილეობენ გაეროს უშიშროების საბჭოს 1701-ე რეზოლუციის გატარებაში. ეს რეზოლუცია გამოდის მოწოდებით, სამხრეთ ლიბანი გათავისუფლდეს ნებისმიერი არმიისგან და იარაღისგან, რომლებიც არ წარმოადგენს ლიბანის სახელმწიფოს.
ფორუმი