უმაღლესი საბჭო შედგება პროპორციული წესით, 4 წლის ვადით არჩეული 21 დეპუტატისგან.
უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
უმაღლესი საბჭო აირჩევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.
2024 წლის არჩევნებისთვის აჭარაში:
- ამომრჩეველთა რაოდენობა 317 119;
- საარჩევნო უბნების რაოდენობა 317 (251 უბანზე არჩევნები ელექტრონულად ტარდება, 66-ზე - ტრადიციული მეთოდით).
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე 11 საარჩევნო სუბიექტი:
- „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ (4);
- „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ (5);
- „ევროპელი დემოკრატები“ (6);
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (8);
- „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის თავისუფლებისთვის!“ (9);
- „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ (12);
- „თავისუფალი საქართველო“ (20);
- „ტრიბუნა“ (21);
- „გახარია საქართველოსთვის“ (25);
- „გირჩი“( 36);
- „ქართული ოცნება“ (41).
საარჩევნო სიების პირველი ნომრები:
- „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“ სიის პირველი ნომერი მირდატ ქამადაძე. 42 წლის. პროფესიით იურისტი. 2014 წელს გაწევრიანდა „ნაციონალურ მოძრაობაში“. 2017-2021 წლებში იყო ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იყო. პარტია 2023 წელს დატოვა ნიკა მელიას სხვა მხარდამჭერებთან ერთად.
მირდატ ქამადაძე: „ქვეყანას სჭირდება ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და სამართლიანი წესები, თავისუფალი მართლმსაჯულება. ბათუმელების საქმე ბათუმში უნდა წყდებოდეს, ხულოელების ხულოში და ზოგადად, ჩვენი რეგიონის საქმე, ამ რეგიონში უნდა წყდებოდეს“.
- „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი ელგუჯა ბაგრატიონი. 51 წლის. პროფესიით ექიმი. 2001-2003 წლებში აჭარის საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის უფროსი. 2008 წლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. 2010 წელს ბათუმის საკრებულოს წევრი. 2016 წლიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
ელგუჯა ბაგრატიონი: „ყველაფერი გაკეთდება, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სიღარიბის დაძლევა. მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა. 50-მილიარდიანი ინვესტიციების მოზიდვა რეგიონში, რომელიც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ეს მოგვცემს საშუალებას, ემიგრანტები დავაბრუნოთ სამშობლოში“.
- „პატრიოტთა ალიანსის“ სიის პირველი ნომერი დავით თარხან-მოურავი. 61 წლის. გამოყენებითი მათემატიკის სპეციალისტი. 2013 წლიდან პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე. 2016 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პარტიამ ერთი მანდატი მოიპოვა, თუმცა სიაში მაშინაც პირველმა, დავით თარხან-მოურავმა საბჭოს წევრობაზე უარი თქვა და მანდატი სიის მეორე ნომერს დაუთმო.
დავით თარხან-მოურავი: „ეკონომიკაში სექტორებს აქვთ დიდი მნიშვნელობა. არის თამბაქოს კულტურა აჭარაში. რაიმე გაუკეთებია ხელისუფლებას 30 წლის განმავლობაში? არაფერი! მეორე მაგალითი, აჭარაში ციტრუსია. აი, ცუდი დრო იყო საბჭოთა დრო, ამ დროს საქართველოდან 300 ათასი ტონა ციტრუსი გადიოდა. ახლა 90 ტონამდე გადის. მოთხოვნა არის, მაგრამ ვარდნაა. რატომ? სახელმწიფო არანაირ ხელშეწყობას არ აკეთებს... ქართველ კაცს უნდა გაეხსნას გზა - აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა აჭარაშიც და მთელ ქვეყანაში“.
- „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ სიის პირველი ნომერი გენო თებიძე. 55 წლის. პროფესიით იურისტი. 1995-2003 წლებში აჭარის ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის განყოფილების უფროსი. 2004 წ. მოძრაობა „დემოკრატიული აჭარის“ კოორდინატორი. 2006-2014 წლებში ბათუმის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით. 2019 წლიდან პარტია „ლელოს“ წევრი.
გენო თებიძე: „ჩვენ გვაქვს პროგრამით გათვალისწინებული დაპირებები. 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, 1000-ლარიანი პენსია, ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის და ასევე, რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში. აჭარას გააჩნია თავისი ბიუჯეტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს საბიუჯეტო სახსრები იყოს სწორად გათვლილი და გახარჯული. უნდა დაჩქარდეს დიდი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას. რაც კეთდება, უნდა გაკეთდეს ხარისხიანად“.
- „ტრიბუნას“ სიის პირველი ნომერი ანზორ სოლომონიძე. 55 წლის. ეკონომისტი. პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ყოფილი წევრი.
ანზორ სოლომონიძე: „პრიორიტეტია მშვიდობიანი გზით ქვეყნის მთლიანობის აღდგენა გონივრული პოლიტიკით, რა თქმა უნდა. ეს, რაც გლობალურ საკითხს ეხება. აჭარის უმაღლეს საბჭოში რეგიონის დონეზე დავაყენებთ საკითხს, გამეფებული რომ არის პროსტიტუცია და ნარკომანია პორტირებული იდეოლოგიის საფუძველზე, უნდა გამკაცრდეს კანონი. იმიტომ, რომ მოზარდი თაობა გვეღუპება. ჩვენ საქართველოს პარლამენტს მივაწოდებთ ამ მოთხოვნას“.
- „გახარია საქართველოსთვის“ სიის პირველი ნომერი გოჩა გუგუნავა. 47 წლის. პროფესიით იურისტი. 2014 წელს პარტია „საქართველოს გზა-სალომე ზურაბიშვილის“ ბათუმის მერობის კანდიდატი იყო. 2024 წელს შეუერთდა პარტიას „გახარია საქართველოსთვის“.
გოჩა გუგუნავა: „უმაღლესმა საბჭომ უნდა გააკონტროლოს მთავრობა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ჩვენ ვპირდებით, რომ გავაკონტროლებთ, რომ ზუსტად იყოს ყველაფერი ასახული და მოსახლეობაზე ორიენტირებული და არა ვიღაც-ვიღაცებზე, როგორც დღეს ხდება“.
- „გირჩის“ სიის პირველი ნომერი გიორგი მასალკინი. 62 წლის. ფილოსოფოსი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 1989-2016 წლებში იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი. აჭარის უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის (1991, 2003, 2012 წწ.) დეპუტატი. უპარტიო.
გიორგი მასალკინი: „ეს არის ნახევრად ფიქციური ავტონომია, თავისი ფიქციური უმაღლესი საბჭოთი. ყველაფერს ჩვენთან განაგებს ცენტრი თბილისიდან. მაგრამ რადგან ავტონომია არსებობს, არსებობს მინისტრთა კაბინეტი, არსებობს რეგიონის ხელმძღვანელი და საერთოდ, ერთ-ერთი ყველაზე მზარდად განვითარებადი რეგიონია, ჩვენ გვინდა ეს რეგიონი გადავაქციოთ მოდელად, თუ როგორ შეიძლება რეალური თვითმმართველობა ჩამოყალიბდეს საქართველოში“.
სხვა პარტიების საარჩევნო სიების პირველი ნომრები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ, ან ვერ დავუკავშირდით, ან ჩაწერაზე უარი მივიღეთ:
- „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძე. 35 წლის. იურისტი. 2018 წლიდან დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2017 წელს იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. 2013-2017 წლებში კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ იურიდიული დირექტორი.
- „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ სიის პირველი ნომერი ხვიჩა გამარჯობაძე. 49 წლის. ისტორიკოსი. ამჟამად უმუშევარი.
- „ევროპელი დემოკრატების“ სიის პირველი ნომერი ჯუმბერ ზაქარაძე.
- „თავისუფალი საქართველოს“ სიის პირველი ნომერი ჯემალ ვანაძე.
აჭარის ამჟამინდელ, 2020 წელს არჩეულ უმაღლეს საბჭოში უმრავლესობაში „ქართული ოცნების“ წევრები არიან. მმართველი პარტიის გარდა საბჭოში ფრაქცია აქვს ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობას“.
ფორუმი