Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის 50 კონგრესმენი ფინანსთა და საგარეო უწყებებს მიმართავს, ჯერ კიდევ რატომ თანამშრომლობს რუსეთთან ამერიკული სანავთობო კომპანია


Schlumberger-ის (SLB) ოფისი ჰიუსტონში. 21 მარტი, 2023 წელი
Schlumberger-ის (SLB) ოფისი ჰიუსტონში. 21 მარტი, 2023 წელი

აშშ-ის კონგრესის 50-ზე მეტმა წევრმა დაწერა წერილი, რომელშიც მოითხოვენ სანქციების გამკაცრებას რუსეთის სანავთობო მრეწველობისთვის და ეჭვქვეშ აყენებენ აშშ-ის სანავთობო კომპანია Schlumberger-ისთვის (SLB) დაშვებულ გამონაკლისს, გააგრძელოს საქმიანობა რუსეთში.

კონგრესის წევრების, ლოიდ დოგეტის (დემოკრატი ტეხასიდან) და ჯეიკ ოკინკლოსის (დემოკრატი მასაჩუსეტსიდან) თანახმად, მათ 50 სხვა კონგრესმენთან ერთად 21 ოქტომბერს გააგზავნეს წერილი, რომელშიც წაიკითხავთ, რომ გამონაკლისი Schlumberger-ს „პუტინის თანამოსაქმედ“ აქცევს. ამის შესახებ წერია დოგეტის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

წერილში, რომელსაც ხელს აწერს 52 კანონმდებელი და რომელიც ფინანსთა უწყების ხელმძღვანელს, ჯანეტ იელენსა და სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს გაეგზავნათ, ნათქვამია, რომ მოსკოვის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ Schlumberger-მა ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებებს, აიყვანა ასეულობით თანამშრომელი და რუსეთში 18 მილიონი დოლარის აღჭურვილობა შეიტანა.

„მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს უკრაინელ მოკავშირეებს უფრო მკაცრი სანავთობო სანქციების გამოყენებით, რათა ეფექტიანად შეეზღუდოს შემოსავალი პუტინს“, - ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვენებმა და ორგანიზაციებმა სანქციები დაუწესეს რუსეთს, კერძო პირებსა და მრეწველობის სფეროებს, რომლებიც დაკავშირებული არიან სამხედრო ინდუსტრიასთან და საიდანაც კრემლი ომის წარმოებისთვის იღებს შემოსავალს.

არაერთი ქვეყანა და კომპანია ამ დროის განმავალობაში გვერდს უვლის სანქციებს სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა საფუძველზე აგრძელებს რუსეთთან და რუსეთში თანამშრომლობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG