Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე პირადად აღარ ველოდები, ამოწურეს - ივანიშვილი სანქციებზე


ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე
ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან "შანტაჟმა" და სანქცირებამ "უკუშედეგი გამოიღო".

ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ინტერვიუში ისაუბრა. წამყვანმა მას ჰკითხა წინასაარჩევნოდ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკასა და შესაძლო სანქცირებაზე, რაზეც ივანიშვილმა თქვა, რომ განცხადებები "შანტაჟის შემცველია" და "გლობალური ომის პარტიის მხრიდან კოორდინირებული".

"მე ვფიქრობ, შანტაჟმა არ იმუშავა, პირიქით, მობილიზებაა დიდი, საზოგადოება გაცნობიერებულია, უფრო ღიზიანდება ასეთი განცხადებებით, რომელიც არაკორექტულია და ობიექტურობას სცილდება.

რაც შეეხება დასჯას და სანქცირებას, ამანაც უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა, ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს.

იმის იქით მე პირადად აღარ ველოდები. რისი გაკეთებაც შეეძლოთ, რაც უნდოდათ გააკეთეს, ამოწურეს... ყველაფერმა ამან გამოიღო უკუშედეგი ერთი მიზეზის გამო, რამეთუ ეს იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული", - თქვა მან.

ივანიშვილმა ასევე ისაუბრა არჩევნების შემდგომ დღეებზეც და თქვა, რომ მისი პროგნოზით, 27 ოქტომბერი იქნება "ძალიან მშვიდი".

"დავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ არაფერიც არ მოხდება. მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდაც მეორე დღე არ არის გადამწყვეტი. ყველა დღე, ერთი კვირა, ორი კვირა, სანამ ომი არ დასრულდება, იქნება ძალიან დაძაბული, იქნება დაძაბული მდგომარეობა გეოპოლიტიკურად. შესაბამისად, გვმართებს სიფრთხილე", - აღნიშნა მან.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG