Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდუმ „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს“ ბრალი დასდო „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“


მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ ბრალი დასდო „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ ბრალი დასდო „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პირველივე ტურში გამარჯვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო. ევროკავშირში გაწევრების კურსის კონსტიტუციაში ასახვის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა უმეტესობამ უარყოფითი პოზიცია გამოხატა, თუმცა მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის სხვაობა მინიმალურია. ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება.

20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ ბრალი დასდო „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“.

21 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ სანდუმ კიშინიოვში, თავის საარჩევნო შტაბში, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიზანი იყო 300 ათასი ხმის ყიდვა. მაია სანდუს თქმით, თაღლითობის მასშტაბი უპრეცედენტოა.

პრეზიდენტ სანდუს ბრიფინგზე არ დაუსახელებია კონკრეტული დაჯგუფებები და უცხოური ძალები, თუმცა ჯერ კიდევ 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი, მოლდოვიდან მოსკოვში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდებოდნენ.

მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, ელოდებიან საბოლოო შედეგებს, უკან არ დაიხევენ და დემოკრატიის და თავისუფლების დაცვას გააგრძელებენ. სანდუმ ჟურნალისტების დამაზუსტებელ შეკითხვებს არ უპასუხა.

რეფერენდუმის შედეგების 97,93%-ის დათვლის მიხედვით, შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში შესწორებას ევროკავშირთან მოლდოვის შეერთების მიზნით, დადებითად უპასუხა 49,87%-მა და უარყოფითად - 50,13%-მა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

ხმების 97,88%-ის შეჯამებით, პირველ ადგილზე მოქმედი პრეზიდენტი, პროევროპული მემარჯვენე-ცენტრისტული ლიბერალური პარტიის, „მოქმედება და სოლიდარობის" კანდიდატი მაია სანდუა(41,84%), მეორეზე კი - პრორუსული ორიენტაციის სოციალისტური პარტიის კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო(26,35%).

საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობდა.

  • 2022 წლის ივნისში, ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მოლდოვას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს.
  • 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრების საკითხზე მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG