Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუს გაფრთხილების შემდეგ ისრაელმა ახალი იერიში მიიტანა ლიბანზე


ისრაელის არმიის თავდასხმა ლიბანის სოფელ სამიაზე. 14 ოქტომბერი, 2024 წელი
ისრაელის არმიის თავდასხმა ლიბანის სოფელ სამიაზე. 14 ოქტომბერი, 2024 წელი

ისრაელის ჯარებმა 15 ოქტომბერს ჰეზბოლაზე ახალი იერიში მიიტანეს ლიბანის აღმოსავლეთში მას მერე, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ არ დაინდობს ჰეზბოლას, რომელსაც ირანი უჭერს მხარს.

ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ისრაელმა დარტყმა განახორციელა ლიბანის ბეკაას ველზე, რის შედეგადაც მწყობრიდან გამოვიდა საავადმყოფო ქალაქ ბაალბეკში. ეს მოხდა მას მერე, რაც ნეთანიაჰუმ დაიპირა, რომ დაუნდობელ პასუხს გასცემს ჰეზბოლას დრონით თავდასხმას, რასაც ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ნეთანიაჰუმ, რომელმაც მოინახულა სამხედრო ბაზა, სადაც ჯარისკაცები დაიღუპნენ, თქვა, რომ „ისრაელი თავდასხმებს მოაწყობს ყველგან ლიბანში, ბეირუთის ჩათვლით».

ჰეზბოლას მეთაურის მოადგილემ, ბაიმ ყასიმმა, 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ დაჯგუფებას შეუძლია ისრაელს ტკივილი მიაყენოს, მაგრამ ამავე დროს გამოვიდა ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით. "გამოსავალი ცეცხლის შეწყვეტაშია. ჩვენ არ ვლაპარაკობთ სისუსტის პოზიციიდან. თუ ისრაელელებს ეს არ სურთ, ჩვენ გავაგრძელებთ", - თქვა მან.

ჰეზბოლა აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებადაა აღიარებული, ევროკავშირში კი ტერორისტულად მიიჩნევენ მის სამხედრო ფრთას. ლიბანში ჰეზბოლა მოქმედებს როგორც კანონიერი პოლიტიკური ძალა და პარლამენტშია წარმოდგენილი. ჰეზბოლა ლიბანის სამხრეთის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰეზბოლას თავდასხმის შემდეგ, 14 ოქტომბერს ისრაელის იერიშებისას ლიბანში 41 ადამიანი დაიღუპა და 124 დაშავდა. მსხვერპლთა ნახევარზე მეტი დაიღუპა ჩრდილოეთ ლიბანის სოფელ აიტოში, რომელიც მდებარეობს ჰეზბოლას მოქმედების არეალიდან შორს.

ჰეზბოლას იერიში ისრაელზე, რომელიც 13 ოქტომბრის საღამოს იყო, შარშანდელი ოქტომბრის მერე ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა. ის განხორციელდა დრონების „გუნდის“ მიერ, რომლის შემჩნევა და განადგურება ისრაელის საჰაერო თავდაცვას უჭირს.

ისრაელის ცალმხრივი მოთხოვნით ლიბანიდან გაეროს მისიის - სამშვიდობო ძალების - გაყვანა სერიოზული შეცდომა იქნებოდა და ის გაეროს მიმართ ნდობას შეარყევს, განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯიორჯია მელონიმ.
ისრაელმა 13 ოქტომბერს მიმართა გაეროს, გაიყვანოს თავისი მისია ლიბანიდან. მანამდე აშშ-მა შეშფოთება გამოხატა გაეროს მისიის შტაბ-ბინაზე ისრაელის თავდასხმის გამო.

გაეროს სამშვიდობო ძალები ლიბანში 1978 წლიდან არიან. მათი თავდაპირველი ამოცანა იყო ამ ქვეყნიდან ისრაელის ჯარების გაყვანის დადასტურება. წლების განმავლობაში მისია იცვლებოდა ვითარების და გაეროს შესაბამისი რეზოლუციების მიხედვით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG