სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თავისუფალია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური. სამსახურის ცნობითვე, ფაკაური უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა
სუსი ირწმუნება, რომ ფრიდონ ფაკაურის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
"საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - წერია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფრიდონ ფაკაური საოკუპაციო ძალებმა 19 სექტემბერს დააკავეს.
ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სოფლები აძვი და ახალუბანი და ამ ტერიტორიაზე მოქალაქეების დაკავების შემთხვევები ხშირია.
ბოლო შემთხვევა კონფლიქტის ზონაში 24 სექტემბერს ასევე სოფელ არცევში მოხდა, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი მოქალაქე დააკავეს.
ფორუმი