Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, არჩევნებში ჩართულ მათ თანამშრომლებზე ზეწოლა ხდება


გიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულ მათ თანამშრომლებზე ზეწოლა ხდება. ამის შესახებ მან ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ. სატელეფონო შეტყობინება თანამშრომლებმა ერთი და იგივე ნომრიდან მიიღეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შეტყობინებაში მითითებულია ადრესატის სახელი, რაც ადასტურებს, რომ შეტყობინების ავტორისთვის ცნობილია ჩვენი კოლეგების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და მათი ვინაობა“, - თქვა ცესკოს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ასეთი შემთხვევები აზიანებს საარჩევნო გარემოს - „პროცესის დაზიანება არცერთი დაინტერესებული მხარისთვის არ იქნება სასარგებლო და შედეგის მომტანი“.

ორ კვირაში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბერს საქართველოში პირველად აირჩევა პარლამენტი სრულად პროპორციული წესით. საკანონმდებლო ორგანოში მოხვდება მხოლოდ ის პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG