უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ქალაქ პოზნანში გაიმართა, ნომინალური მასპინძლები უკრაინელები იყვნენ.
მატჩი უკრაინელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ეს ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველოს პირველი მარცხი იყო.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე გავიდა. უკრაინელთა მხრიდან გოლი მიხაილო მუდრიკმა გაიტანა.
მეორე ტაიმში ქართველებმა უფრო მეტი საგოლე მომენტის შექმნა მოახერხეს. შეცვლაზე შემოსულმა ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა კიდეც, თუმცა ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
საქართველოს ნაკრებს ბურთის ფლობის უპირატესობა ჰქონდა (60%) და კარშიც ზუსტად მეტოქეზე მეტჯერ დაარტყეს (4).
მომდევნო მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. დისკვალიფიკაციის გამო გუნდს გიორგი ქოჩორაშვილი დააკლდება.
ფორუმი