Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებამდე თარგამაძეს სააკაშვილის დავალებით უთვალთვალებდნენ - პროკურატურა ბრალდებულის ჩვენებაზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს


საქართველოს პროკურატურის შენობა.
საქართველოს პროკურატურის შენობა.

საქართველოს პროკურატურა იუწყება, რომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს, 2016 წელს, სანამ მის ავტომობილს ააფეთქებდნენ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით უთვალთვალებდნენ. პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ეს ინფორმაცია მიიღეს მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული დარჩო ხეჩუაშვილისგან.

როგორც პროკურატურა აცხადებს, ამ ჩვენების მიხედვით, დარჩო ხეჩუაშვილი გივი თარგამაძის თვალთვალს შოთა ჭიჭიაშვილთან შეხვედრისა და დაპირების მიღების შემდეგ დათანხმდა.

„ჭიჭიაშვილის თქმით, სააკაშვილმა შეხვედრაზე საუბრისას თქვა, რომ არ ენდობოდა მისი პარტიის წევრს გივი თარგამაძეს, რადგან მისი ინფორმაციით, თარგამაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა ჭიჭიაშვილს გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი დაავალა.

თავის მხრივ, შოთა ჭიჭიაშვილმა გივი თარგამაძის თვალთვალში და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დარჩო ხეჩუაშვილს დახმარება სთხოვა ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ, რაზეც მსჯავრდებული დათანხმდა და მათ საერთო ნაცნობ „დიმასთან“ ერთად, გივი თარგამაძის თვალთვალი და გადაადგილების კონტროლი დაიწყო“, - აღნიშნა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

მისივე სიტყვებით, ერთ-ერთი მორიგი თვალთვალის დღეს, კერძოდ, 2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მყოფმა დარჩო ხეჩუაშვილმა ტელეფონით აცნობა შოთა ჭიჭიაშვილს, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა:

„რის შემდგომაც შოთა ჭიჭიაშვილის მითითებით, საქართველოს ტერიტორია დატოვა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადავიდა“.

2019 წლის ოქტომბერში უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლეს საქართველოს მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი. უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა 1 ოქტომბერს სოფელ ხოტიანოვკაში მოხდა. როგორც ცნობილია, სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიცია ეძებდა მამაკაცს, რომელმაც 2019 წლის 23 სექტემბერს ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს.

გივი თარგამაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პროკურატურამ მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ვერსია დაადასტურა იმ განსხვავებით, რომ მისი თქმით, დამკვეთი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

„პროკურატურის დღევანდელმა განცხადებამ პრაქტიკულად შეკრა ჩემი ვერსია, რაც აქამდე მქონდა. მიხვდნენ, რომ ვისზეც მე მივუთითებდი და ისინი უარყოფდნენ, უსასრულოდ ვერ დამალავდნენ და ყველას მონაწილეობა აღიარეს.

ის ვერსია კი, რისი მიყიდვასაც ისინი ცდილობენ, მიყიდიონ თავის ყველაზე გონებაშეზღუდულ მხარდამჭერებს, მაგრამ ჩემთვის რაც მნიშვნელოვანია, როგორც კი დათმობენ ხელისუფლებას და ნორმალური სისტემა იქნება, ყველა აგებს სათითაოდ პასუხს“.

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ოპოზიციონერი დეპუტატის, გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს. გამოძიება მაშინ აცხადებდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დარჩო ხეჩუაშვილმა დაამაგრა და შემდეგ მოქმედებაში მოიყვანა. მასზე ძებნა გამოცხადდა, 2019 წელს კი 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დარჩო ხეჩუაშვილი 2024 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, როცა მას საქართველოში შემოსვლა უნდოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG