Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომზე „ქართული ოცნების“ რეკლამის არგაშვების გამო „მთავარს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ ოქმი შეუდგინეს


„ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატი
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატი

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ სამ ტელეარხს („მთავარი არხი“, „ფორმულა“, „TV პირველი“), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. ამის მიზეზი გახდა აღნიშნული ტელევიზიების მიერ ნათქვამი უარი, ეთერში გაეშვათ „ქართული ოცნების“ ის წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც შეიცავს უკრაინის ომის ამსახველ ბანერებს. ამ ბანერებს ტელეკომპანიები "ამორალურად" მიიჩნევენ. საბოლოო გადაწყვეტილებას დაჯარიმებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იღებს.

ტელეარხის წარმომადგენლებმა კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის რეკლამა ომის პროპაგანდას შეიცავს, ამომრჩეველში შიშს თესავს და ასე ცდილობს მათი მხარდაჭერის მოპოვებას. „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ ამბობენ, რომ ეს რეკლამა ამორალური და არაეთიკურია და შესაბამისად, ფიქრობენ, რომ მისი გაშვებით კანონს დაარღვევენ.

მანამდე, 5 ოქტომბერს კი, ერთობლივ განცხადებაში ტელეკომპანიებმა აღნიშნეს, რომ მოსალოდნელი ჯარიმების მიუხედავად, არ აპირებენ "თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე“.

რამდენიმე დღეა, ქუჩებში გამოჩნდა მმართველი პარტიის საარჩევნო პლაკატები, რომლებზეც, ომისა და მშვიდობის საჩვენებლად, მარცხენა მხარეს უკრაინის დაბომბილი ქალაქებია გამოსახული, მეორე მხარეს კი ფოტოები საქართველოდან. იმავე შინაარსის ვიდეორეკლამები მმართველმა პარტიამ ტელევიზიებშიც მიიტანა.

რამდენიმე კვირის წინ კი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „TV პირველს“, „მთავარსა“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა, რადგან მათ ეთერიდან ამოიღეს „ოცნების“ საარჩევნო კლიპი. კლიპში ჩანდნენ სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ისმოდა მოწოდება: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG