ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, 4 ოქტომბერს, სულ ცოტა, 29 პალესტინელი დაიღუპა, აცხადებენ პალესტინელი მედიკოსები, ხოლო ისრაელის სამხრეთში განგაშის ხმა ისმოდა პალესტინელთა ტერიტორიიდან განახლებული სარაკეტო ცეცხლის საპასუხოდ.
რაკეტების დაშენა ადასტურებს, რომ მებრძოლთა დაჯგუფებები, რომლებსაც ჰამასი (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) მეთაურობს ღაზაში, კვლავ ახერხებენ ცეცხლის დაშენას ისრაელისთვის მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ერთი წელიწადია ბომბავს ღაზის სექტორს, რის შედეგადაც ანკლავის დიდი ტერიტორიები გაპარტახდა.
4 ოქტომბერს ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ განგაშის ხმა ისრაელის სამხრეთში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში პირველად გაისმა.
"7 ოქტომბრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ჰამასი კვლავ ემუქრება ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას ტერორით და ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მოქმედებას მათ წინააღმდეგ", ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გულისხმობს ჰამასის თავდასხმის შარშან 7 ოქტომბერს, რასაც მოჰყვა ისრაელის ომი ღაზაში.
Reuters-ი იტყობინება, რომ ისრაელის ჩრდილოეთში, ლიბანის მოსაზღვრე რეგიონში, გოლანის ბრიგადის ორი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ორი - დაიჭრა ბრძოლის დროს.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში ჰამასის მიერ მოწყობილი თავდასხმისას 1200 პირი დაიღუპა. მძევლად აიყვანეს 250 ადამიანი.
4 ოქტომბერს ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებამ გამოაცხადა, რომ 41 802 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის თითქმის ერთწლიანი სამხედრო იერიშის განმავალობაში. დაჭრილთა რიცხვი 96 844-ს აღწევს.
ფორუმი